ჰიპოკრატე – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეებში მოღვაწე „მედიცინის მამად” წოდებული დიდი ძველ ბერძენი ექიმი – ჰიპოკრატე, არა მხოლოდ თავისი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, არამედ მათი გარეგნული იერ-სახის მოვლისა და შენარჩუნების საშუალებების მოძიებაზეც ბევრ დროს ხარჯავდა. იგი თავადაც ადრეულ ასაკში გამელოტდა, რის გამოც შესანიშნავად ესმოდა მასთან დახმარების თხოვნით მისული იმ მამაკაცებისა, რომლებიც გამელოტების საფრთხის წინაშე იდგნენ. აქვე უცილობლად უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ, მიუხედავად ეგზომ საპატიო წოდებისა (მედიცინის მამა), თანამედროვე სტანდარტებით რომ განვსაჯოთ, ჰიპოკრატე მაინც პრიმიტიულ დონეზე იცნობდა მედიცინის უნატიფეს მეცნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰიპოკრატესთან თხოვნით მისული ადამიანების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ძველ ბერძენმა მედიკოსმა, რამდენიმე ხანში გამელოტების საწინააღმდეგო და ახალი თმის ამოსაყვანი სამედიცინო მალამო შექმნა. მალამოს დამზადებისათვის საჭირო უმთავრეს „ინდეგრიენტს” – მტრედის სკორე (განავალი) წარმოადგენდა. მას ჰიპოკრატე ჭარხლით, ოპიუმის ნარევითა და სხვადასხვა სახეობის სანელებლებით აზავებდა. ძველ ბერძენი ექიმის პაციენტს მალამო ერთი თვის განმავლობაში დროდადრო თავზე უნდა წაესვა, ხოლო მალამოწასმული თავი კი ამ ხნის მანძილზე მუდმივად ქუდით უნდა დაეფარა.
„მედიცინის მამა” ვარაუდობდა, რომ მის მიერ დამზადებული მალამო ძველ კანს მოაცილებდა თავს. ახალი კანი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ახალი თმის წამოსვლას. სამწუხაროდ, ჰიპოკრატეს მალამომ სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი გამოიწვია – ახალი თმის ნაცვლად პაციენტებს თავზე ქიმიური დამწვრობის კვალი აღებეჭდათ. გარდა ამისა, მალამოში გარეული ოპიუმი პაციენტებში ნარკოტიკულ თრობასა და ეიფორიას იწვევდა. განსაკუთრებით მზიან ამინდში: სიცხეში თავზე წასმული ოპიუმგანარევი მალამო იმდენად ლღვებოდა, რომ იგი ადვილად აღწევდა პაციენტის კანის სიღრმეში.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ჰიპოკრატემ თავადაც აღიარა, რომ პირადად მოიხმარდა მის მიერ დამზადებულ მალამოს, თუმცა უშედეგოდ. სახელოვანი მედიკოსის აზრით, მალამოს იმიტომ არ მოჰქონდა სათანადო ეფეტი, რომ მის ნარევში სანელებელთა რაოდენობა არასაკმარისი იყო.
P.S. ცნობისათვის იმასაც გაუწყებთ, რომ სწორედ ჰიპოკრატე იყო ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი მედიცინის ისტორიაში, ვინაც შეამჩნია, რომ საჭურისები არასოდეს არ მელოტდებიან. – (ავტორი გენია.ჯი)