კართაგენი – „ეპიზოდი”
ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ქალაქ-სახელმწიფოში – კართაგენში, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი გლეხები, ძალიან შევიწროვებული და შეწუხებულნი გახლდნენ ველური მხეცების მხრიდან მასიური შემოტევებით. ისინი ანადგურებდნენ ნახნავ-ნათესებსა და მოსავალს, რაც მოსალოდნელი შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებდა ხალხს. იმ პერიოდში, კერძოდ კი ძვ.წ.აღ-ით III-II საუკუნეებში კართაგენის შემოგარენში განსაკუთრებულად იმატა „ნადირთა მეფეების” – ლომების რაოდენობამ. სხვა მშიერ ნადირთა მსგავსად, ისინიც არ ერიდებოდნენ მოსახლეობისათვის ზარალის მიყენებას. თუმცა, მათგან მიყენებული ზარალი გაცილებით დიდი იყო, რადგან ლომები მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს უნადგურებდნენ მოსახლეობას. კართაგენელები იმდენად გამწარებული ჰყავდა მათ მიერ მოწყობილ თავდასხმებს, რომ ჯავრის ამოყრის მიზნით, ველური მხეცების შეპყრობისთანავე (საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ) დამნაშავე ცხოველებს ისინი უმალვე – ჯვარზე აკრავდნენ. გარდა ამისა, ამ გზით ისინი ნადირების დაშინებასაც ცდილობდნენ.
იმ პერიოდის ისტორიკოსები შენიშნავდნენ, რომ კართაგენის შემოგარენში საშინელი სუნი ტრიალებდა, რადგან იქ მრავლად იყო აღმართული ჯვრები, რომლებზედაც მოსახლეობის მიერ „ჯვარცმული” ცხოველების, მათ შორის ყველაზე ხშირად – ლომების მძორებს შეხვდებოდითო. ჯვარცმული ლომების გარკვეული ნაწილი დიდი ხნის მკვდარი იყო და ხის ჯვარზე ჩონჩხის ნარჩენებიღა შერჩენოდა. გარკვეული ნაწილი სანახევროდ დახრულნი იყვნენ ლეშიჭამია ფრინველებისაგან და საშინლად დაღრეჯოდათ ცხვირ-პირი. ზოგიერთი იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ჯვრების ძელი იზნიქებოდა მათი სიმძიმით. შავი ყორნები კი გუნდ-გუნდად განუწყვეტლივ დასტრიალებდნენ თავს მათთვის საამო ადგილს.
ჯვარცმულ ლომებს კართაგენელები თავიანთი დაუძინებელი მტრების – რომის მოქალაქეებისა და კონსულების სახელებს არქმევდნენ და მათი დამცირების მიზნით, კენჭებს ესროდნენ სასტიკად განაწამებ მტაცებელ ცხოველებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს საშინელი სანახაობა თავის დროზე რომაელებმაც იხილეს კართაგენში. ისინი შეზარა ნანახმა. დიდხანს იდგნენ ჯვარცმული ლომების წინაშე გაოგნებულნი და პირზე ღიმილშემშრალებმა თქვეს – „ეს რა ხალხია, რომ ლომების ჯვარცმით იქცევს თავსო!”. – (ავტორი გენია.ჯი)
კართაგენი