XIV საუკუნის ბავარია – „ეპიზოდი”
XIV საუკუნეში, ბავარიის ჰერცოგის – სტეფანე II ბავარიელის მმართველობის ჟამს, ბავარიის მიწაზე „მიუნხენელ ფეოდალთა კავშირი” იქნა ჩამოყალიბებული, რაც თავის მხრივ, დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა ძალაუფლების დაუცხრომელი ჟინით შეპყრობილმა ფეოდალებმა. (ავტორი გენია.ჯი) ფეოდალების მფარველი აღვირახსნილი უფლისწული ფრიდრიხი ბავარიის მიწას, რომ იტყვიან, სუფრიდან და სანადირო ტერიტორიებიდან მართავდა თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. იმ პერიოდში სხვაგან არსად იმართებოდა ისეთი უზომო ჭამა-სმა, როგორიც მიუნხენის სამეფო კარზე; სხვაგან არსად ეწყობოდა ისეთი გრანდიოზული ნადირობა; სხვაგან არსად იხოცებოდა ამდენი ხალხი რაინდთა ტურნირებზე; სხვაგან არსად იყო ასეთი სადღესასწაულო ჟივილ-ხივილი.
გასაოცარია, თუმცა ფაქტია, რომ ბავარიელი ფეოდალები და ბარონები, განსაკუთრებით კი მათი შვილები იმდენად გათავხედდნენ, რომ ნადირობის შემდეგ, როცა დიდებულ სუფრას ღია ცის ქვეშ მოსალხენად გააწყობინებდნენ მსახურებს, მის გასანათებლად ცეცხლს – მთელს სოფლებსა და ჭალა-ტყეებსაც კი უკიდებდნენ (ასეთი „პრივილეგიით” ისინი განსაკუთრებით მაშინ სარგებლობდნენ, როდესაც მათ გვერდს ბავარიის უფლისწული – ფრიდრიხი უმშვენებდა).
ბავარიის ხელისუფლებასა და ბავარიელ დიდებულებს გააჩნდათ ძალაუფლება, პრივილეგიები, სიმდიდრე, ფუფუნება. თუმცა არანაირი მოვალეობის გრძნობა საკუთარი ხალხის წინაშე. ის კი არა და, უზარმაზარი გადასახადებისაგან წელში გადატეხილ გლეხებს ფრიდრიხის ბრძანებით აღუდგინეს უწინდელი უტოპიური წესი, რომლის თანახმადაც მათ ეკრძალებოდათ ნანადირევისა და თევზეულის ჭამა. ამის უფლებით მხოლოდ დიდებულები სარგებლობდნენ. გარდა ამისა, გლეხებს აეკრძალათ ნადირობაც. მათ არ ჰქონდათ უფლება მოეკლათ ის გარეული ფრინველი და ცხოველი, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა გლეხის ნახნავ-ნათესს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გლეხი დადგენილ წესს დაარღვევდა, „დამნაშავე” ცემით სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ. – (ავტორი გენია.ჯი)