დებენდრანათ თაგორი – „ეპიზოდი”
გენიალური ინდოელი მწერლისა და გულმხურვალე მამულიშვილის – რაბინდრანათ თაგორის მამა – დებენდრანათ თაგორი (1817-1905 წლები), შესაშური განათლებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) დასავლური ფილოსოფიის ღრმად მცოდნე უფროსი თაგორი, ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში დაეუფლა ინგლისურ და სპარსულ ენებს. ცხოვრების უკანასკნელ ჟამს, დებენდრანათს ხალხმა „მაჰაშირი”, ანუ – „დიდი ბრძენი” უწოდა, რაც დამეთანხმებით, რომ ერთობ ბევრის მთქმელი ფაქტია.
დებენდრანათს ვაჟების გარდა, უმშვენიერესი ქალიშვილებიც ჰყავდა. მათ შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა – შაროდაპროშადი. იგი კარგ ბედში იყო ჩავარდნილი, რასაც ისიც მოწმობს, რომ დებენდრანათს ძალიან უყვარდა თავისი სიძე. სიძესა და სიმამრს შორის სრული იდილია სუფევდა, და, როდესაც სიმამრს სამეურნეო საქმეებში რაიმე გაუჭირდებოდა, მარტოოდენ მისი იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, დებენდრანათს შეეძლო მთელი თავისი მამულების მართვაც კი მიენდო მისთვის, რადგან სჯეროდა და სწამდა, რომ იგი ყველაფერს გაართმევდა თავს სათანადოდ. საუბედუროდ, საყვარელი სიძე უფროს თაგორს უდროოდ გამოეცალა ხელიდან. ეს ტრაგედია თაგორების ოჯახში მაშინ დატრიალდა, როდესაც დებენდრანათის სახელოვანი ვაჟის – რაბინდრანათის ქორწილი უნდა გამართულიყო. შვილის დაქორწინების დღე მამისათვის ცნობილი იყო, თუმცა მისთვის ცნობილი გახდა სიძის უეცარი გარდაცვალების ამბავიც. ეს ფაქტი გასაგები მიზეზების გამო არ უცნობებიათ რაბინდრანათისათვის.
დროის თანხვედრისა და დროის სიმცირის შედეგად, დებენდრანათი დიდი არჩევანის წინაშე დადგა: ის ან თავის ვაჟიშვილის ქორწილს უნდა დასწრებოდა, ან კიდევ თავისი საყვარელი სიძე უნდა გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე. მან არჩევანი სწორედ რომ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, რამაც ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია. სამაგიეროდ, მამის ქმედება დადებითად შეაფასა შვილმა. „ცოლის გარდაცვალების შემდეგ ასეთი დიდი მწუხარება არავის მოუყენებიაო”, – ხშირად იმეორებდა ხოლმე დებენდრანათი ახლობელ ადამიანებთან საუბრის დროს. – (ავტორი გენია.ჯი)