ფან სიაოჟუს შესახებ…
სახელგანთქმული ჩინელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე - ფან სიაოჟუ (1357-1402 წლები), იმდენად დიდი ავტორიტეტით, ინტელექტითა და ერთგულებით გამორჩეული პიროვნება იყო, რომ მას ჩინეთის მომავალი იმპერატორის – ძიანვენის აღზრდა და მასწავლებლობა ანდო საიმპერატორო ოჯახმა. (ავტორი გენია.ჯი) იგი სათანადოდ წარუძღვა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, რამაც სიაოჟუს გავლენა და ავტორიტეტი ქვეყანაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა. ისტორიკოს მასწავლებელსა და მონარქ მოსწავლეს შორის დროთა განმავლობაში იდილიური და შეიძლება ითქვას, ახლომეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ იმპერატორი ძიანვენი საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად სამეფო სასახლეში არ გამოწვეს ცოცხლად აჯანყებულებმა. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული ახალი იმპერატორი – იუნლე განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა წინამორბედი იმპერატორის აჩრდილსაც კი. მისი სახელი იუნლემ სამარადისოდ გადასცა შეჩვენებას, ხოლო ძიანვენის მომხრეები კი პირადად „შეაჩვენა”. მათ შორის რაღა თქმა უნდა – ფან სიაოჟუც. თუმცა ამაში იმპერატორს ხელი თავადაც შეუწყო… ასე ვთქვათ, „საინაგურაციო” სიტყვის დაწერა ახალი იმპერატორის კორონაციის დროს იუნლეს ბრძანებით სწორედ რომ სიაოჟუს დაევალა. მას აღნიშნულ სიტყვაში წინამორბედი იმპერატორი და მაშასადამე მისი აღზრდილი აუგად უნდა მოეხსენებინა, რაზედაც თავისი ერთგულებით ცნობილმა ისტორიკოსმა კატეგორიული უარი განაცხადა. ფანის უარმა იმპერატორი უკიდურესად განარისხა მის მიმართ. ისტორიკოსი დააკავეს და ციხის საკანში გამოამწყვდიეს აბსურდული ბრალდებით. რამდენიმე ხანში კი სიაოჟუს უმძიმესი განაჩენი გამოუტანა ჩინურმა მართლმსაჯულებამ – „ცხრა თაობის განადგურება”. თუმცა, მანამ, სანამ ასეთ საშინელ განაჩენს გამოუტანდნენ მას, „ცხრა თაობის განადგურებით” დაემუქრნენ, რაზეც სიაოჟუმ სარკაზმულად უთხრა მოძალადეებს – „ძალიანაც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ცხრა თაობაზე. ჩემთან ყველაფერი ისე კარგადაა, რომ მეათე თაობაც კი მყავსო”. სწორედ ამ სიტყვებმა დაუმძიმა ისედაც დამძიმებული ხვედრი ჩინელ ისტორიკოსს. როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს, ფან სიაოჟუ ერთადერთი ადამიანია ჩინეთის ისტორიაში, რომელსაც „ცხრა თაობის” ნაცვლად, „ათი თაობა” დაუსაჯეს სიკვდილით. მათ შორის სიკვდილით დასაჯეს სიაოჟუს ოჯახის წევრები, სისხლით ნათესავები თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად და მეგობარ-მოყვარეები. თავად ფანმა, რომელმაც თავისი „ათი თაობა” „გადააყოლა” მის მიერ აღზრდილი წინამორბედი იმპერატორის ერთგულებას, საკუთარი თვალით იხილა ეშაფოტზე ასული ძმის ძალადობრივი მოკვდინება. სიკვდილით დასჯამდე სიაოჟუმ მოასწრო და თავისი სისხლიანი ხელით მიწაზე დააწერა: „უზურპატორი”.
საერთო ჯამში, „უზურპატორი” იმპერატორი იუნლეს ბრძანების საფუძველზე ფან სიაოჟუსათვის გამოტანილმა განაჩენმა – 873 ადამიანი იმსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)
ძიანვენი
იუნლე