პიტერ პაულ რუბენსის შესახებ…
„მე გადავწყვიტე დავქორწინდე, რადგან ვერ ვგრძნობ, რომ თავშეკავება შემიძლიაო”. – გულწრფელად აღიარა 53 წლის ასაკში მყოფმა ბაროკოს ხელოვნების ერთ-ერთმა გენიალურმა ნიდერლანდელმა ფუძემდებელმა – პიტერ პაულ რუბენსმა, როცა იგი ქერა თმის მქონე 16 წლის უმშვენიერეს გოგონაზე – ელენა ფორმანზე ქორწინდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ოთხი წლის განმავლობაში დასტიროდა თავის პირველ მეუღლეს – იზაბელას, რომელიც მხატვარს უდროოდ გამოეცალა ხელიდან. თუმცა ხანგრძლივი ფიქრისა და ლოდინის შემდეგ მან დაქორწინება მაინც გადაწყვიტა. არჩევანში რუბენსი მართლაც რომ არ შემცდარა. მხიარულმა და მზრუნველმა გოგონამ კარდინალურად შეცვალა ხელოვანის ცხოვრება. იგი აქტიურად დაკავდა სახვითი ხელოვნებით, რა დროსაც ხშირად დაიწყო თავის ტილოებზე მშვენიერი ელენას გამოსახვა. მათ შორის შიშვლადაც. ის კი არა და, რუბენსმა თავისი ნორჩი მეუღლე ღვთაების სახითაც კი წარმოგვიდგინა შედევრ-ტილოზე – „პარისის სამსჯავრო”. რუბენსების წყვილს თანაცხოვრებაში 4 შვილი გაუჩნდათ. ცნობილია ისიც, რომ ნიდერლანდელი ფერმწერის უმცროსი ქალიშვილი მხატვრის გარდაცვალებიდან რვანახევარი თვის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს რუბენსი დასნეულდა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად მისი 63 წლის ასაკისა, ის მაინც ინარჩუნებდა სულისა და სხეულის ახალგაზრდულ სიჯანსაღეს.
ცოლ-ქმარმა სრულ იდილიასა და ჰარმონიაში 10 წლის განმავლობაში თანაიცხოვრა. და როდესაც მხატვარმა სული განუტია, სასოწარკვეთილმა ელენამ სირცხვილის გრძნობის მოტივით ყველა იმ ტილოს განადგურება გადაწყვიტა, სადაც იგი შიშველი სახით ჰყავდა გამოსახული რუბენსს. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ განზრახვაზე ხელი რუბენსის ქვრივს კარდინალმა ფერდინანდმა ააღებინა, რომელმაც ელენას ურჩია, რომ არ ჩაედინა დაუფიქრებელი მოქმედება და მეუღლის სურათები მომავალი თაობებისათვის შემოენახა. ასე გადაურჩა მსოფლიო სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ბუმბერაზის – პიტერ პაულ რუბენსის სურათების დიდი ნაწილი განადგურებას. – (ავტორი გენია.ჯი)
იზაბელა ბრანტი (რუბენსის პირველი მეუღლე)
ელენა ფორმანი (რუბენსის მეორე მეუღლე)