ინდირა განდი – „ეპიზოდი”
1917 წელს სახელოვანი ინდოელი პოლიტიკური მოღვაწისა და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის – ჯავაჰარლალ ნერუს ოჯახი ვაჟიშვილის დაბადების დიდ მოლოდინში იმყოფებოდა. ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყნიერებას უცილობლად ვაჟი მოევლინებოდა. ძე, ღირსეული შთამომავალი, რომელიც მომავალში სათანადოდ გააგრძელებდა ღირსეულივე მამის პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, მათდა მოულოდნელად, ქვეყნიერებას გოგონა მოევლინა… გოგონას ბაბუას – მოტილალა ნერუს, როგორც კი პირველად უხილავს იგი, უმალვე წინასწარმეტყველურად აღმოხდენია: „ – ეს გოგონა ბევრად აჯობებს ათას ვაჟიშვილსაც კიო”; ამასთანავე, ერთ-ერთმა ინდოელმა პოეტმა ქალმა ახლადშობილ ინდირა ნერუს (შემდეგში „განდად” წოდებული) უწინასწარმეტყველა, რომ ოდესღაც იგი „ინდოეთისა და ინდოელი ხალხის სული გახდებოდა”.
წინასწარმეტყველება რომ ახდა, ფაქტია. თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ინდირამ წინასწარმეტყველების ახდენას პატარაობაშივე დაუდო სათავე. იმ ასაკში, როდესაც მისი თანატოლები თოჯინებით თამაშობდნენ, ინდირამ ინგლისელი კოლონიალისტების მიერ ინდოელი ხალხის წინააღმდეგ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება იმით გააპროტესტა, რომ თავისი ხელით შეუძახა გაჩაღებულ ბუხარში მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრანგული სათამაშო თოჯინა. – (ავტორი გენია.ჯი)