ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”
თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს პორტრეტისტად აღიარებული მხატვრის – იოსიფ ბრაზის მიერ დახატული ანტონ ჩეხოვის საყოველთაოდ ცნობილი პორტრეტი, რომელიც დიდი რუსი მწერლის ქრესტომათიურ გამოსახულებად არის მიჩნეული დღემდე, და, რომლის მიხედვითაც უამრავი ადამიანი განსაზღვრავს და განსჯის მის გარეგნობას, თავად პორტრეტის მთავარ გმირს იმთავითვე არ მოსწონდა. „ …მე, პორტრეტი ძალიან უინტერესო მეჩვენება. მასში არის რაღაც ისეთი, რაც ჩემში არაა და არ არის ის, რაც ჩემშია”. – ასე გამოხატა ჩეხოვმა თავისი დამოკიდებულება ერთ დღეს ბრაზის მიერ შესრულებული პორტრეტის შესახებ.
იოსიფმა სახელოვანი ლიტერატორის პორტრეტზე მუშაობა 1897 წელს დაიწყო დიდი რუსი კოლექციონერის – პავლე ტრეტიაკოვის შეკვეთის საფუძველზე. პორტრეტის ხატვის პროცესში ჩეხოვი მელიხოვოში ცხოვრობდა. შეკვეთაზე მუშაობას ორი წლის განმავლობაში ანხორციელებდა მხატვარი. პორტრეტის პირველი ვარიანტი დაწუნებული იქნა ტრეტიაკოვის მიერ; პორტრეტის მეორე ვერსია თავად ანტონმა დაიწუნა. „ – ეს ხომ ძალიან ცუდი, საშინელი პორტრეტიაო”. – აღშფოთებულა ჩეხოვი. ანტონს იოსიფ ბრაზის არც მესამე პორტრეტი მოწონებია დიდად. თავისი შეხედულება ჩეხოვს აღნიშნული პორტრეტის შესახებ მოგვიანებით შემდეგი სიტყვებით გადმოუცია: „მე რომ პესიმისტი გავხდი და ვწერ პირქუში შინაარსის მქონე მოთხრობებს, ამაში დამნაშავე სწორედ რომ ჩემი პორტრეტიაო”. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ იოსიფ ბრაზი გახდა ის ერთადერთი ფერმწერი სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ვისაც პატივად ერგო, დიდი რუსი ლიტერატორი აღებეჭდა საკუთარ ტილოზე ჩეხოვის სიცოცხლეშივე. შესაბამისად, ეს გახლავთ ერთადერთი პორტრეტი მწერლისა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში იქნა დახატული. – (ავტორი გენია.ჯი)
იოსიფ ბრაზი