ანტონიუ დი ოლივერა სალაზარის შესახებ…
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არის ისეთი, რომელთა გაკეთებაც მხოლოდ და მხოლოდ მე შემიძლია. მე ძალინ კარგად ვიცი, რა მსურს და სად მივდივარ”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ „მოკრძალებულ დიქტატორად” წოდებული პორტუგალიის უმაღლესი ხელისუფალი - ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი (1889-1970 წლები). ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტეკონომიის პროფესორი ქვეყანას მთელი 36 წლის განმავლობაში მართავდა. სალაზარი მის მიერ პორტუგალიაში დამკვიდრებულ დიქტატურას ქვეყნის სტაბილიზაციით ამართლებდა. (ავტორი გენია.ჯი) „მე არ მჯერა თანასწორობს. მე მჯერა იერარქიისო”, – ამბობდა იგი და ყველა მაღალ სახელმწიფო პოსტებზე თავისი უახლოესი გარემოცვის წევრები დანიშნა. ის კი არა და, ანტონიუმ ლისაბონის პატრიარქადაც კი (პორტუგალიის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი) თავისი ძველი თანაკურსელი და მეგობარი – კარდინალი სერეჟეირა „აკურთხა”.
აქვე, უცილობლად უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლამ სალაზარს ღვთის სიყვარული და შიში შთაუნერგა. ლოცულობდა ძალიან ბევრს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე იდგა. ყოველი სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის წინ პორტუგალიის დიქტატორი ხანგრძლივ ლოცვას აღავლენდა. ასე ასწავლეს მას სასულიერო სემინარიაში.
სალაზარის პიროვნება უამრავ ადამიანში იწვევდა ინტერესსა და გაოცებას. მიუხედავად უზარმაზარი ძალაუფლებისა და გავლენისა, პორტუგალიელი დიქტატორი არასოდეს ყოფილა შემჩნეული კორუფციასა და სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვაში, და კვლავაც ლისაბონის იმ ერთობ მოკრძალებული კვარტლის მოკრძალებულ ბინაში განაგრძობდა ცხოვრებას, სადაც იგი უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა. როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლის ბოლოს პორტუგალიელ დიქტატორს თავის საბანკო ანგარიშზე სულ რაღაც 3 000 ფუნტი-სტერლინგი ნაღდი ფული ერიცხებოდა. ანტონიუ, რომელიც არც ეწეოდა და არც სვამდა, ასკეტური ცხოვრების წესით მაცხოვრებელი კაცი იყო და საშინლად სძულდა საჯაროობა. ყოველ დილას სრულ მარტოობაში საუზმობდა. შემდეგ რიგ დოკუმენტებზე იწყებდა მუშაობას. გადიოდა სასეირნოდ, თუმცა სეირნობასაც მარტო არჩევდა საუზმობის მსგავსად. სადილის შემდგომ კვლავ დოკუმენტებში ქექვა, კვლავ სეირნობა, ვახშამი და ძილი. აი, ასეთი იყო ძირითადი გრაფიკი სალაზარის ცხოვრების დღის რეჟიმისა.
თავისი ხანგრძლივი მმართველობის ჟამს სალაზარი იშვიათად ესწრებოდა მთავრობის სხდომებს. იგი ამჯობინებდა, რომ თითოეულ მინისტრს პერსონალურად შეხვედროდა. ამის ფონზე შესაძლოა ითქვას, რომ იგი „პოლიტიკური განდეგილის” როლს ასრულებდა.
„ჩვენ გვმართავს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ესმოდეს და არ შეუძლია გრძნობდეს ისე, როგორც ჩვენ, უბრალო ხალხს გვესმის და ვგრძნობთ. მან არ იცის, რა არის ჩვენი მისწრაფება და არ გააჩნია ჩვენი ერის შვილებისათვის დამახასიათებელი არც ღირსება და არც ნაკლი”. – ასე ამბობდნენ სალაზარის შესახებ მისი ოპონენტები. ამბობდნენ იმასაც, „სალაზარი პორტუგალიელი კაცის ანტითეზააო”. სხვები კი უფრო შორს წავიდნენ – „სალაზარი მზად არის იძალადოს თავის ქვეყანაზე, რათა მას უშველოსო”.
ძაღლი კი ჰყეფდა, მაგრამ ქარავანი კვლავაც განაგრძობდა წინსვლას. და აი, დადგა სალაზარისათვის საბედისწერო 1968 წელი. 79 წლის ასაკში მყოფი დიქტატორი სკამიდან გადავარდა და თავი დაიზიანა. ინსულტის შედეგად მიღებული ტრამვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ანტონიუ უძლური გახდა ქვეყანა ემართა. შედეგად იგი სახელმწიფო მართვის სადავეებს კი ჩამოაშორეს, თუმცა იმ მოტივით, რომ არ ენერვიულა, ეს მხრცოვანი დიქტატორისათვის არავის გაუმხელია. სალაზარს კვლავაც ძველებურად სტუმრობდნენ მინისტრები და აბარებდნენ ანგარიშს. სპეციალურად მისთვის იბეჭდებოდა ერთადერთ ეგზემპლარად გაზეთი, რომელშიც მოყვანილი ინფორმაციები კარდინალურად განსხვავებული იყო რეალური ინფორმაციებისაგან. ამერიკის შეერთებული შტატების მოძულე სალაზარს ისიც კი არ გაუმხილეს, რომ აშშ-მა მთვარეზე დასვა კოსმოსური ხომალდი.
„ყველაფერი სამშობლოსათვის და არაფერი სამშობლოსაგან”. – საკვირველია, თუმცა სწორედ ეს გახლდათ ცხოვრებისეული ლოზუნგი „მოკრძალებულ დიქტატორად” წოდებული ანტონიო დი ოლივერა სალაზარისა. – (ავტორი გენია.ჯი)