კორდელ ჰალი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტი მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში (1933-1944 წლები) ეკავა ცნობილ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწესა და დიპლომატს - კორდელ ჰალის (1871-1955 წლები). როგორც მისი ბიოგრაფები უსვამენ ხაზს, კორდელს თურმე საშინლად ეშინოდა და ეჯავრებოდა თვითმფრინავით ფრენა. (ავტორი გენია.ჯი) მან ისე განვლო თავისი ხანგრძლივი ცხოვრების უდიდესი ნაწილი (მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეც), რომ მიუხედავად ეგზომ საპასუხისმგებლო სახელმწიფო პოსტისა, 72 წლის ასაკამდე არასოდეს უსარგებლია ავიაციით. და აი, დადგა 1943 წელი. ეს ის წელიწადია, როდესაც მოსკოვში – საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელი უნდა მოეწერათ იმ პირველ დოკუმენტზე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებას უყრიდა საფუძველს. მსოფლიოში მიმდინარე საშინელი მოვლენები სამივე ქვეყნის ხელისუფლებას აიძულებდა, რაც შეიძლება მოკლე დროში დაეფუძნებინათ საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია.

და სწორედ აქ წარმოიშვა პრობლემა. აკი ავღნიშნეთ, კორდელს საშინლად ეშინოდა ფრენების-თქო… დადგენილი წესის თანახმად, ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე ხელი უცილობლად საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა მოეწერათ: აშშ-ის მხრიდან – კორდელ ჰალის, საბჭოეთიდან – ვიაჩესლავ მოლოტოვსა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან – ენტონი იდენს (ცნობისათვის, ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმეტზე ხელმოწერას ასევე ესწრებოდა ჩინეთის ელჩი მოსკოვში – ფუ-ბინ-ჩანი. თუმცა მას ხელი არაფერზე მოუწერია). შეიქნა გამოუვალი მდგომარეობა. მოსკოვში გამგზავრება გარდა თვითმფრინავისა, სხვა ტრანსპორტით დიდ დროს მოითხოვდა. დრო კი არ იცდიდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჰალიმ პირად ფობიაზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები დააყენა. მან დიდი ძალისხმევის შედეგად დაძლია ფრენის შიში და 1943 წელს პირველად იმგზავრა ვაშინგტონიდან მოსკოვამდე თვითმფრინავით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებულ სახელმწიფო მდივანს ინვალიდის სავარძელში მჯდომი პრეზიდენტი რუზველტი პირადად დახვდა თვითმფრინავის ტრაპთან.

ასეთი დიდი დამსახურება კორდელს არც მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოებამ დაუკარგა: იგი 1946 წელს ნობელის პრემიით იქნა დაჯილდოვებული მშვიდობის დარგში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>