კართაგენი – „ეპიზოდი”
პირველი პუნიკური ომის დასრულებისთანავე, ძვ.წ.აღ-ით 240 წელს ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებულ ანტიკური ხანის ქალაქ-სახელმწიფოში – კართაგენში, დაქირავებულმა ჯარმა, რომელთაც ლიბიელებიც შეუერთდნენ, აჯანყება მოაწყო. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში, ლეგენდად ქცეული მხედართმთავრების – ჰანიბალისა და ჰამილკარ ბარკას მშობლიური ქალაქი „ბარბაროსებად” წოდებულმა აჯანყებულებმა ალყაში მოაქციეს. მოაქციეს და დაიწყეს კიდეც ქალაქის საშინელი „დაბომბვა”. ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აღებული ჰქონდა აჯანყებულთა არმიის მეშურდულეებს. ისინი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ალყის მიმდინარეობის პერიოდში. მათ მიერ ლოდსატყორცნი მანქანებიდან ნატყორცნი უზარმაზარი ბირთვები ცვიოდნენ ყველგან – ბაღჩებში, სახლის ბანებზე, ქუჩებში, შუა ეზოებში… ცვიოდნენ კართაგენში და საწოლიანად სრესდნენ მელოგინე ქალებს, აკვანში მწოლიარე ჩვილებს, უძლურ მოხუცებს… დროთა განმავლობაში მოჯანყე მეშურდულეებმა პრაქტიკის „დახვეწა” დაიწყეს. ადრე თუ ქალაქისაკენ მხოლოდ დიდ ლოდებს ისროდნენ, ახლა ისინი ქალაქის მიმართულებით ისროდნენ ადამიანთა მოკვეთილ თავებს, შხამიანი გველებით სავსე თიხის ქოთნებს, რომლებიც ფილებზე დაცემისთანავე იფშვნებოდა; ისროდნენ ყოველგვარ სიბინძურეს, რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეუძლია – კაცის სკორეს, ცხოველთა მძორს, ცხედრებს… და ბოლოს, მეშურდულეები კართაგენში ისროდნენ ისეთ ლოდებსაც, რომლებზედაც ბრძოლებში დაღუპული სახელოვანი კართაგენელი მებრძოლების სახელები იყო დატანილი. სახელების ქვეშ კი, სალანძღავი სიტყვები ამოეჭრეთათ – „ღორი”, „ტურა”, „მატლი” და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მათზე ხშირ შემთხვევაში ამოჭრეთილი გახლდათ დამამცირებელ წარწერებიც: „აბა, მოკურცხლეთ!” – „ახია თქვენზე!”
ისტორიკოსები გადმოგვცემენ, რომ კართაგენელები ისე არაფერს გაუმძვინვარებია და ისე არაფერს გაუღიზიანებია, როგორც მათი ქალაქისაკენ გასროლილ ზემოთხსენებული სახის ლოდებსო. ამიტომაც აცვეს შურისძიების საშინელი გრძნობით აღვსილმა კართაგენელებმა ყველა ტყვედ ჩავარდნილი ბარბაროსი მოგვიანებით ჯვარს. – (ავტორი გენია.ჯი)