რადიარდ კიპლინგი – „ეპიზოდი”
„მე ექვსი ერთგული მსახური მყავს, რომელთაგანაც ყველაფრითა ვარ დავალებული. მათი სახელებია: ვინ? რატომ? როდის? რა? სად? და – როგორ?” – წერდა დიდი ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველისტი – სერ ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936 წლები). ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ – ბომბეიში დაბადებული რედიარდის მშობლები – ჯონ ლოკვუდ კიპლინგი და ალისა მაკდონალდი – სასულიერო პირების შვილები იყვნენ. „ჯუნგლების წიგნის” ინგლისელი ავტორის პროფესორი მამა დიდად დაფასებული და ერუდირებული კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, მისი ინტერესის სფეროებს ასევე წარმოადგენდა არქიტექტურა, ილუსტრაცია და, ზოგადად რომ ვთქვათ – ხელოვნება. რადიარდის ორი ბიძა (დეიდების ქმრები) სახელგანთქმული ფერმწერები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი – ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი პრერაფაელისტების უმცროს თაობას მიეკუთვნებოდა, ხოლო მეორე მათგანი – ედურად ჯონ პოინტერი კი (ისიც სახელოვანი მხატვარი იყო), რომელსაც დიდი პატივი დასდო სამეფო ოჯახმა და „ბარონის” ტიტული უბოძა, ლონდონში განთავსებული სამეფო სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1894-1904 წლებში. გარდა ამისა, კიპლინგის დეიდა – ლუიზა ბოლდუინი, ცნობილი პოეტი ქალი იყო, რომლის ვაჟსაც, ანუ რედიარდის დეიდაშვილს – სტენლი ბოლდუინს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა სამჯერ. თავად სტენლის უფროსი ვაჟი – ოლივერი, ვისაც პირველ მსოფლიო ომსა და სომხეთ-ოსმალეთის ომში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ინგლისში კარგი ლიტერატორის სახელით სარგებლობდა. კიპლინგის ერთ-ერთ დეიდაშვილს ასევე წარმოადგენდა ცნობილი ინგლისელი მხატვარი – ფილიპ ბერნ-ჯოუნზიც. ლიტერატურულ ასპარეზზე ფილიპთან ერთად, რადიარდ კიპლინგის ახლო ნათესავთაგან წარმატებულ მოღვაწეობას ეწეოდნენ – ანჟელა ტიორკელი და დენის მაკკეილი. ასე რომ, რადიარდ კიპლინგი არ ყოფილა თავისი სანათესაოდან ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საქვეყნოდ დაიგდო სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)