ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756-1791 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ ვენის კლასიკური სკოლის უდიდესმა წარმომადგენელმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სიდუხჭირეში გაატარაო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ცნობილია ისიც, რომ მაესტრო, რომლისთვისაც სრულიად უცხო იყო – „ფულის ეკონომიურად მოხმარება”, მის მიერ ჩატარებული თითოეული კონცერტისათვის პატარაობიდანვე სოლიდურ ჰონორარებს იღებდა. ფაქტია ისიც, რომ სახელოვანი კომპოზიტორის შემოსავლები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე, რომელიმე უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკისა. და მიუხედავად ამისა, იგი მაინც ყოველთვის ვალებში იყო ჩაფლული. მაშ, რა იყო მიზეზი ვოლფგანგის სიდუხჭირისა? ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მუსიკოსის ბიოგრაფები მისივე უკიდურეს გატაცებას ასახელებენ „ბილიარდის” მიმართ. მოცარტის სახლში იდგა ბილიარდის მაგიდა, რომელზედაც აზარტომანი კომპოზიტორი თავისი ჰონორარის უდიდეს ნაწილს აგებდა. იმისათვის, რომ ბილიარდი ეთამაშათ ფულზე, მასთან ხშირად იკრიბებოდნენ კოლეგა მუსიკოსები, რომლებთანაც მასპინძელი უმეტესწილად მარცხდებოდა. ამიტომაც შენიშნავდნენ ხუმრობით მაესტროს ბიოგრაფები – „შესაძლოა, ისინი კი იყვნენ მოცარტზე ცუდი მუსიკოსები, მაგრამ, სამაგიეროდ, მასზე გაცილებით კარგად ფლობდნენ ბილიარდის თამაშის ხელოვნებასო”. – (ავტორი გენია.ჯი)