ბართოლომიუ რობერტსის შესახებ…
„რომი და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების დალევის უფლება გეძლევათ მხოლოდ ნაპირზე გადავლის ჟამს. ხომალდზე მყოფი საძმოს ყოველი მთვრალი წევრი – გემის ბორტს მიღმა აღმოჩნდება. ქალის გემზე აყვანა სიკვდილით ისჯება. აზარტული თამაშები და სხვა გართობის საშუალებები რეკომენდირებულია ყოველი შემდგომი ლაშქრობის შემდეგ. სანამ არაფერი მოგიპოვებიათ, მანამ წასაგებიც არაფერი გექნებათ. შაბათობით – ლოცვა და დასვენება. აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავე დაისჯება ხომალდიდან გაძევებით, ან კიდევ სიკვდილით. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს გემზე მყოფი საძმო”. – ასეთი სახის „მეკობრეთა კოდექსი” შეიმუშავა თავის დროზე საყოველთაოდ ცნობილმა უელსელმა მეკობრემ – ბართოლომიუ რობერტსმა (1682-1722 წლები). იმ ბართოლომიუ რობერტსმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეში მოდრეიფე ხომალდებს. (ავტორი გენია.ჯი) ნამდვილი სახელი მეკობრეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეკობრისა – ჯონი გახლდათ და არა ბართოლომეო. მის მიერ შემუშავებული მკაცრი „მეკობრეთა კოდექსი”-ს გამოისობით უამრავმა მეკობრემ შეიკავა თავი რობერტსის „საძმოს” შემადგენლობაში შესვლისაგან, თუმცა ვინც კი დათანხმდა, ისინი სიცოცხლეს არ იშურებდნენ მისთვის და ხომალდზე მყოფი სხვა თანამოძმეებისათვის.
პირველი, ვინც აღნიშნულ კოდექს საგულდაგულოდ იცავდა, სწორედ რომ ღვთისმოსავი ბართოლომიუ იყო. იგი მუდმივად თან ატარებდა ოქროს ჯვარს, რომელსაც ხელჩართული ბრძოლებისა და ძარცვის დროსაც კი არ იხსნიდა ყელიდან. მას შემდეგ, რაც ყოველივე წარმატებით დასრულდებვოდა, იგი ამავე ჯვარზე ლოცულობდა გულმხურვალედ. საკვირველია, და მითუმეტეს მეკობრისათვის, თუმცა ფაქტია, რომ რობერტს არასოდეს დაულევია იმაზე ძლიერი სასმელი, ვიდრე – ჩაია. არასოდეს უთამაშია აზარტული თამაშები და გემბანზეც არასოდეს უსარგებლია მეკობრეთა მეთაურის და გემის კაპიტნისათვის დამახასიათებელი პრივილეგიებით. იგი მუდმივად კარგად იმოსებოდა და არასოდეს ატარებდა წვერს. სხვადასხვა პერიოდებში ბართოლომიუს დაქვემდებარებაში შვიდიდან ოც ხომალდამდე ირიცხებოდა. ბორტზე მყოფი მეკობრეები თავიანთ შემადგენლობას ხუმრობით – „ლორდთა პალატას” უწოდებდნენ.
ჰენრი მორგანთან, კაპიტან კიდთან და სხვა ცნობილ მეკობრეთაგან იგი იმითაც განსხვავდებოდა, რომ არასოდეს უთანამშრომლია ხელისუფლებასთან. თუმცა სიცოცხლე მან ისევე დაასრულა, როგორც სხვა უამრავმა მეკობრემ – ტყვიით. უკანასკნელი განსასვენებელი ხომალდის აფრაში გახვეულმა რობერტსმა ზღვის ფსკერზე ჰპოვა მისივე ანდერძის თანახმად.
საერთო ჯამში, ბართოლომიუმ, თავისი „მოღვაწეობის” პერიოდში 400 საზღვაო ხომალდზე განახორციელა თავდასხმა, საიდანაც მისმა უმამაცესი მეკობრეებით დაკომპლექტებულმა საძმომ – 50 მილიონი ფუნტი-სტერლინგი „გამოიმუშავა” ძარცვა-გლეჯის გზით.
რობერტსის დაღუპვის შემდეგ მისი „საძმოს” (ლორდთა) წევრთა ნაწილი სიკვდილით დასაჯეს, ნაწილი კი გააკატორღეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ბართოლომიუს დროშა, რომელიც თავადვე შექმნა