ბრენუელ ბრონტეს შესახებ…
ირლანდიული წარმომავლობის მქონე ცნობილი ინგლისელი მხატვარი და პოეტი – პატრიკ ბრენუელ ბრონტე (1817-1848 წლები), ბრონტეების ლიტერატორთა ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი იყო. შარლოტას, ენისა და ემილის ღვიძლი ძმა თავდაპირველად ლიდსისა და მანჩესტერის სარკინიგზო სადგურზე დასაქმდა მოლარედ. თუმცა, 1840 წელს იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. განთავისუფლების მიზეზი აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობა გახლდათ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბრენუელის განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იქნა მისი არაკომპეტენტურობა და არა მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის თაღლითობა. „საკუთარი უფლებამოსილების შესრულების ჟამს, სადგურზე „ლადენდენ-ფუტი”, იგი ხშირად უჩინარდებოდა „ლორდ ნელსონის” ტავერნის ლაბირინთებშიო”, – მრავლისმეტყველად იყო მითითებული განთავისუფლების დოკუმენტში. ოპიუმზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულობის გამო, პატრიკმა ასევე დაკარგა შესანიშნავი სამსახური რობინსონების ოჯახში, სადაც იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად მისის რობინსონის საყვარლის ფუნქციითაც იყო აღჭურვილი.
იყო პერიოდი, როდესაც სახელოვანი ლიტერატორი დების სკანდალურად ცნობილი ძმა პოლიტიკით დაკავდა. 1837 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბრენუელმა ქალაქ ჰოუორტში მხარდაჭერა „ტორების” პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გამოუცხადა. წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლის დროს, „ტორების” პარტიის კანდიდატს ხალხმა სტვენა დაუწყო, რამაც იგი იმდენად გამოიყვანა გააბრაზა, რომ გამომსვლელს სიტყვა ჩამოართვა და დამსწრე საზოგადოება „საკადრისი” ფრაზებით შეამკო. ამ ფაქტმა ბრენუელის მიმართ ადგილობრივები მტრულად განაწყო. თავიანთი უკიდურესი სიძულვილი რომ საკადრისად წარმოეჩინათ, ჰოუორტის მოსახლეობამ ქალაქის ცენტრში საჯაროდ დაწვა პატრიკ ბრენუელ ბრონტეს ფიტული. ფიტულს ერთ ხელში ქაშაყის თევზი ეჭირა, მეორეში კი კარტოფილი. ამით ინგლისელებმა ბრონტეს მისი ირლანდიული წარმომავლობა მიანიშნეს.
პატრიკ ბრენუელ ბრონტე 1848 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა ტუბერკულოზის შედეგად. იმავე წლის დეკემბერში ტუბერკულოზს ბრონტეების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი – ემილი ემსხვერპლა. 1849 წლის მაისში კი, ამ საშინელმა სენმა – ენიც გამოსალამა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)
დები ბრონტეები