ფრანჩესკო პარმიჯანინოს შესახებ…
ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი სახელგანთქმული გმირის – „ანთეუსი”-ს თიკუნით შემკობილმა გენიალურმა იტალიელმა ფერმწერმა და გრავიორმა – ჯიროლამო ფრანჩესკო მარია მაცოლამ (1503-1540 წლები), რომელსაც მშობლიური ქალაქის – პარმას საპატივცემულოდ – „პარმიჯანინო, უწოდეს, სულ რაღაც ოცდაჩვიდმეტიოდე წელიწადი იცხოვრა ამქვეყნად. გენიათათვის საბედისწერო რიცხვი – 37… მტერ-მოყვარე ხშირად მას – „რაფაელის განსახიერებადაც” მოიხსენიებდა თავისი უბადლო ოსტატობისა და ხელოვნებაში მანიერიზმის მიმდინარეობის მიმდევრობის გამო. (ავტორი გენია.ჯი) პარმიჯანინოს განუმეორებელი ტალანტით მოხიბლული გახლდათ თვით რომის პაპი – კლემენტ VII.
1527 წელს საღვთო რომის იმპერატორის – კარლ V ჰაბსბურგის არმიამ რომი აიღო და ქალაქში საშინელ ძარცვასთან ერთად, სასტიკი ხოცვა-ჟლეტაც გააჩაღა. ვაზარის გადმოცემით, „მარადიულ ქალაქში” იმ ტიალ დროს მრავალი ხელოვანი ემსხვერპლა მტრის მახვილს. სხვათა მსგავსად, სიცოცხლის დაკარგის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა პარმიჯანინოც. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მაშინ იგი მუშაობდა ტილოზე, სახელწოდებით – „წმინდა იერონიმეს ხილვები”, და საქმეში იმდენად ღრმად იყო ჩართული, რომ არც რომის დაცემა გაუგია და არც ის, რომ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. როდესაც მტრის გავეშებული მებრძოლები საშინელი ყიჟინის თანხლებით შეიჭრნენ მხატვრის სახელოსნოში, ისინი გააოგნა იმ ფაქტმა, რომ მათთვის საქმეში ჩართულ პარმიჯანინოს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. ხელოვანმა საერთოდ ვერ შეამჩნია მომხვდურნი და კვლავაც ძველებური მონდომებით განაგრძო სურათზე მუშაობა. და აი, სწორედ ამ დროს მოხდა საოცარი ფაქტი: რომის ბარბაროსულად ამაოხრებელმა არა მხოლოდ სიცოცხლე შეუნარჩუნეს პარმიჯანინოს, არამედ მისი შემოქმედებაც ხელუხლებლად შეუნარჩუნეს ტიტან-მხატვარს.
როგორც შემდგომში გაირკვა, პარმიჯანინოსთან მტრად მისული მეომრებიდან ერთ-ერთი მათგანი სახვითი ხელოვნების დიდი მოყვარული ყოფილა. და, რადგანაც მხატვარი მასზედ თვით სიცოცხლით იყო დავალებული, შემდგომში ხშირად უხატავდა დიდი მადლიერების ნიშნად ფერწერულ ტილოებს.
საინტერესოა „სელფის” (ავტოპორტრეტული ფოტოსურათის) ისტორიაც, რომელთანაც პარმიჯანინოს სახელია დაკავშირებული. პირველი სელფი ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატული იქნა 1524 წელს და მისი ავტორი გახლდათ – პარმიჯანინო (ქვემოთ განთავსებული სურათი). მხატვარმა თავისი გამოსახულება სარკიდან გადახატა. თუმცა-კი, მაშინ იგი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესღაც სელფის წინამორბედის პირველი ავტორი გახდებოდა.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ხელოვანი ალქიმიით დაკავდა. ვერცხლისწყალთან ხშირმა ურთიერთობამ და მისი ორთქლის მუდმივმა ინჰალაციამ პარმიჯანინო სიკვდილის პირამდე მიიყვანა. იგი 1540 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა კაზალმაჯორეში (ლომბარდია). მხატვარი დაკრძალული იქნა მისი ანდერძისამებრ – სრულიად შიშველი. გარდაცვლილის გულზე კი დასვენებული გახლდათ კვიპაროზისაგან დამზადებული ჯვარი. – (ავტორი გენია.ჯი)
პარმიჯანინოს გენიალური შემოქმედება