თენგიზ აბულაძე – „ეპიზოდი”
1984 წელს, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ზესახელმწიფოში – საბჭოთა კავშირში კომუნიზმი მძვინვარებდა და, ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული „საჯაროობა” და „გარდაქმნა”, ქუთაისში დაბადებულმა გენიალურმა ქართველმა კინორეჟისორმა – თენგიზ აბულაძემ (1924-1994 წლები) გაბედა და თბილისსა და ბათუმში გადაიღო ფილმი, სახელწოდებით – „მონანიება”, რომელმაც იმთავითვე შოკში ჩააგდო მთელი საბჭოეთი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უმკაცრესი ცენზურისა, ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი გენიოსის ქმნილება მაინც წარსდგა 1987 წელს ფართო აუდიტორიის წინაშე. თუმცა, მანამდე იგი რამდენჯერმე მაინც იქნა ნაჩვენები არალეგალური გზებით. მოსკოვში გამართული „მონანიების” პრემიერის შემდეგ საზოგადოება თავის აღტაცებას ვერ მალავდა თენგიზის შედევრი-ფილმით (პირველად „მონანიება” ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმნა სახელოვანმა ქართველმა პოეტმა – მიხეილ ქვლივიძემ). შეიძლება თამამად ითქვას, რომ მოსკოვში გამართული პირველი პრემიერა – ტრიუმფით შედგა. სულისშემძვრელმა კინოსურათმა იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორს, რომ კინორეჟისორს 1988 წელს „ლენინური პრემია”-ც კი მიენიჭა. ამ ფაქტს თენგიზი როგორც ჩანს იმდენად გაუოცებია, რომ მას თავის დღიურში შემდეგი სახის ჩანაწერი გაუკეთებია – „ღმერთო ჩემო, ეს რა უცნაური ქვეყანაა? მე ამოვიღე ლენინი საფლავიდან და სწორედ მე მომანიჭეს ლენინური პრემიაო!” – (ავტორი გენია.ჯი)