მალდივის რესპუბლიკის შესახებ…
პირველი ადამიანები, რომლებმაც ინდოეთის ოკეანის ცენტრში განთავსებულ მალდივის კუნძულებზე დაიწყეს დასახლება, შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან ჩასული დრავიდები და ინდოარიელები იყვნენ. ისინი მალდივის არქიპელგზე ძვ.წ.აღ-ით 269 წლიდან დამკვიდრდნენ. მალდივებზე მათ დამკვიდრებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მის შემადგენლობაში შემავალი კუნძულები უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზებზე იყვნენ განფენილნი. ადრეული ისტორიული წყაროები და ლეგენდები მოწმობენ, რომ ამ უმშვენიერეს კუნძულებზე დასახლებული ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ჰარმონიულად ყოველგვარი ბელადებისა და მთავრობების გარეშე. ეთაყვანებოდნენ მზეს და აღმერთებდნენ წყალს. დროთა განმავლობაში მათში ბუდიზმი გაბატონდა, თუმცა 1153 წლიდან ისინი ისლამის მიმდევრები გახდნენ. XVI საუკუნეში მალდიველების ქრისტიანებად მოქცევას პორტუგალიელი კოლონიზატორები შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეისათვის მალდივის რესპუბლიკაში – „შარიათის კანონია” გაბატონებული (ერთგვარი ქცევის კოდექსი, რომელიც აერთიანებს ისლამის უფლებებს, მორალურ-ეთიკურ და რელიგიურ ნორმებს). შედეგად, ამ ღრმად მორწმუნე ისლამისტურ სახელმწიფოში, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონით არის დასჯადი.
მალდივის რესპულიკა საერთო ჯამში 1 190 მარჯნის კუნძულისაგან შედგება. მათი 26 ატოლისაგან შექმნილი ჯგუფი ერთგვარად ჰქმნის ორმაგ ჯაჭვს. ტერიტორიის შესახებ რომ ვიმსჯელოთ, იგი უზარმაზარ – 298 000 კვადრატულ-კილომეტრზეა გადაჭიმული, თუმცა მოსახლეობის მხრივ თუკი განვსაზღვრავთ, ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მცირერიცხოვანია – 403 000 მოსახლე. მალდივის დედაქალაქს – მალე წარმოადგენს 134 000 მცხოვრებით. სიმართლე რომ ვთქვათ, მალდივის რესპუბლიკის ტერიტორიის 99% წყლით არის დაფარული. შესაბამისად, მის შემადგენლობაში შემავალი უზარმაზარი ტერიტორიიდან მხოლოდ 1%-ია ხმელეთი და მასაც, მეცნიერთა სავარაუდო გათვლებით, 2050 წლისათვის – ჩაძირვა ემუქრება.
არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალი 1 190 კუნძულიდან დასახლებულია მხოლოდ 200 კუნძული, რომელთაგანაც ოთხმოც მათგანზე მდიდრული კურორტებია მოწყობილი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მალდივები ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბლა მყოფი ქვეყანაა მსოფლიოში. ყველაზე მაღალი ადგილი არქიპელაგისა, განთავსებულია ვილინგილის კუნძულზე. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან სულ რაღაც 2 მეტრი და 30 სანტიმეტრია. საშუალოდ, მალდივები ზღვის დონიდან 1,5 მეტრზე მდებარეობს. ქვეყანა, რომელიც სამხრეთ აზიის ყველაზე პატარა სახელმწიფოდ არის მიჩნეული, იმდენად მდიდარია ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებით, ბუნების გამაოგნებელი მშვენიერებით, რომ 2011 წელს „იუნესკომ” მალდივის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ რაიონს, რომელიც 70 კუნძულს მოითვლის, ბიოსფერული ნაკრძალის სტატუსი მიანიჭა. – (ავტორი გენია.ჯი)
მალე (დედაქალაქი)
მალდივის რესპუბლიკის ადგილმდებარეობა რუკაზე