ხუტა ბერულავა – „მე მეშინია, ამ ნანატრ ლოყებს”
მე მეშინია, ამ ნანატრ ლოყებს
რომ შევამჩნიო კვალი წლებისა,
ან აღარ იგრძნო ის ძველი მოყმე
შენი თვალების აელვებისას.
* * *
იქნებ… ვაითუ, – რას იზამ მერე,
ულმობელია ეს დრო და ჟამი, -
ბაგეთა შენთა მცხუნვარე ფერებს
გაფერმკრთალება შევნიშნო წამით.
* * *
იქნებ ვერ დამწვა იმგვარი ხანძრით,
მე რომ ველოდი ოდესღაც, მაშინ…
ეს იქნებოდა წაქცევა ტაძრის
და ნანგრევების ჩალეწვა ხრამში.
* * *
დაე, ცოცხლობდეს ძველი ზმანება,
ტანზე გვეხვიოს, ვით მწვანე სურო.
არა ღირს იმ ტბის ატორტმანება,
რომ დაიწმინდა… დამშვიდდი, სულო.