ხუტა ბერულავა – „ისმინე, გულო”

სხვებს დავცინოდი ამნაირი ფიქრების გამო,

და… აჰა, ვხედავ, ნაადრევად დამიდგა ჯერი:

მისმინე, გულო, მე დღეს შენთან საუბარს ვლამობ -

შენი ყველაზე სასტიკი და მოსისხლე მტერი.

* * *

მე, მხოლოდ მე ვარ ულმობელი მჩაგვრელი შენი,

რომ არ გაძინებს, არ გასვენებს დღითა და ღამით,

და გთხოვ, ნურავის მოიგონებ აუგად, წყენით,

ეს მე წაგართვი სამუდამოდ სიმშვიდის ჟამი.

* * *

ჩემს ბიჭობაში მეტისმეტი ტანჯვა გარგუნე,

იკუმშებოდი ღრუბელივით, ვგრძნობდი მაშინაც.

სიყმაწვილიდან გეომები და განადგურებ,

და ვერაფერმა, და ვერავინ ვერ შეგაშინა.

* * *

რამდენი ღამე უმოწყალოდ გაგათევინე

და გაგაწამე, განა ვიცი, რათა, რისათვის?!

რამდენჯერ დარდსაც შენი თავი გავათელვინე,

და, მე მგონია, სულ ამაოდ, არაფრისათვის.

* * *

რამდენი ცეცხლი გაგიჩინე გაჩენის დღიდან

და ჩაგისახლე შემოდგომის მწუხრივით ნისლი,

რამდენი მეხი დაგატეხე ცივად და მშვიდად,

თუმცა შემეძლო ამეცდინა ქუხილი მისი.

* * *

არა გზოგავდი, არ გითმობდი დარშიც, ავდარშიც.

რომ ყოველივე გაგახსენო, თავი არა მაქვს.

მე მხოლოდ მიკვირს, ძლიერ მიკვირს, როგორ გადარჩი

ამდენ ქარიშხალს, აფეთქებას, დავიდარაბას?!

* * *

არა ყოფილა ჩემთვის ფიქრი – დიდი, წვრილმანი,

და ყოველგვარი თავსატეხი შენთვის მომქონდა.

ეს კიდე რაა, ჯერ სადა ხარ! – კიდევ წინ არი

ურიცხვი ბრძოლა, მღელვარება და ბობოქრობა.

* * *

წინ არი-მეთქი უფრო მეტი რამ განსაცდელი.

გამიძლებ? – ვაშა შენს გაჩენას და არსებობას,

და თუ ჩაქრები ამ გუგუნში, როგორც სანთელი,

ვერ დაიტირებ თანამებრძოლს, ძმას და მეგობარს.

* * *

თუმცა რას ვამბობ… მეძახიან ჯადოსნურ ენით

ეს ლაჟვარდები, ეს ხეები, მთები, ჩქერები.

მოიცა, გულო, არ გიხილავს ჯერ წილი შენი

ახალგაზრდობის, აღტაცების, მშვენიერების.

* * *

გული კი არა, უნდა გერქვას ნაჭერი რვალი,

რომ ვერ დაგაცხრო სიყვარულმაც, ცეცხლმაც და დრომაც,

რომ გახსოვს მუდამ შენი წმინდა, მაღალი ვალი

და ჩემთან ერთად პატიოსნად განაგძობ შრომას!

კომენტარის დატოვება