„სვალბარდის საერთაშორისო უნივერსიტეტი” – (ეპიზოდი)
ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში განთავსებულ ფართო პოლარულ არქიპელაგ – შპიცბერგერზე, რომელიც ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ყველაზე ჩრდილოეთი მხარეა, პირველი და ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი – „სვალბარდის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, დაფუძნებული იქნა 1993 წელს. (ავტორი გენია.ჯი) არქიპელაგის უმსხვილეს დასახლებულ პუნქტში – ლონგირში გახსნილ უნივერსიტეტში, სადაც დღეისათვის 350 სტუდენტი სწავლობს (მათგან ნახევარი ნორვეგიელია, ნახევარი კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები), უმაღლეს დონეზე ისწავლება არქტიკული ბიოლოგია, არქტიკული გეოლოგია, გეოფიზიკა და ტექნოლოგია. ამას არქიპელაგზე არსებული ექსტრემალური (ძალიან ცივი – ყინულოვანი) გარემოც უწყობს ხელს. აღნიშნული საგნების შესწავლის გარდა, უნივერსიტეტში ერთი უჩვეულო „საგანიც” ისწავლება: უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთანავე თითოეული სტუდენტი, განურჩევლად სქესისა, გადის ხანმოკლე კურსს – ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში. არა, სამხედრო გაკვეთილი აქ არაფერ შუაშია. მიზეზი ამ უცნაური „საგნის” შესწავლისა, გახლავთ საფრთხე, რომელიც შპიცბერგერზე ეგზომ მომრავლებული თეთრი დათვებისაგან მომდინარეობს. იმისათვის რომ, უზარმაზარი დათვების მოულოდნელი თავდასხმისაგან სათანადოდ დაიცვან თავი სტუდენტებმა, უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალისტები გარკვეული ხნის განმავლობაში ავარჯიშებენ მათ სროლაში. – (ავტორი გენია.ჯი)
„სვალბარდის საერთაშორისო უნივერსიტეტი”