ისიკავა ტაკუბოკუს რამდენიმე ტანკა…

როცა მოგიწევს

ემსახურო

ჭირვეულ რეგვენს,

 რა საშინელი გეჩვენება

მთელი ქვეყანა!

* * * * * * *

პატარა ცრემლი დაეცა მიწას,

პატარა,

როგორც ქვიშის მარცვალი…

მაგრამ რა მძიმე

იყო ის ცრემლი!

* * * * * * *

წავიდა, გაჰქრა დრო ბედნიერი,

როცა მიყვარდა

სხვათა კარზე დაკაკუნება,

რომ ხელგაშლილი

შემგებებოდნენ.

* * * * * * *

თითქოს ღვართქაფი ხმაურობს ტყეში…

ჰა, როგორ ჰგვანან

ადამიანებს

ტყის ბინადარი

მაიმუნები.

* * * * * * * *

მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან…

სვამენ, ლოთობენ…

გადაშენების

გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი!

გული კი მაინც მისკენ მიიწევს…

* * * * * * * *

მინდა სასთუმლად სევდა დავიდო,

ყველაზე ტკბილი,

ყველაზე მწარე -

და მერე ფიჭვებს დავუგდო ყური,

როგორ კვნესიან გათენებამდე.

* * * * * * * *

როგორც ჭაობში

თეთრი ლოტოსი,

ღვინოში

დარდი

არ ჩაიხრჩვება.

* * * * * * *

ადრე გავიგე

სიყვარულის

ძალა და სევდა.

ადრეც

მოვხუცდი.

კომენტარის დატოვება