მარია მედიჩი – „ეპიზოდი”
მომდევნო ვაჟიშვილის – გასტონ დე ბურბონის დაბადების შემდგომ, ფონტენბლოს სასახლეში ახლადნამშობიარებმა საფრანგეთის დედოფალმა - მარია მედიჩიმ (1575-1642 წლები), სხვა უამრავ საჩუქართან ერთად, პარიზში მაცხოვრებელი ერთ-ერთი თევზით მოვაჭრე ქალისაგანაც მიიღო ვარდების ძალიან ლამაზი თაიგული. (ავტორი გენია.ჯი) თაიგული, რომელსაც შემდგომ ხალხმა – „თაიგული-სიურპრიზი” უწოდა ხომრობით. თევზით მოვაჭრე ვინმე – ლამურეტის მიერ დედოფლისათვის გაგზავნილ ვარდების თაიგულში მცირე ზომის ბარათი იყო ჩადებული, რომელმაც უმალვე მიიპყრო მედიჩის ყურადღება. მარია წერილს კითხულობდა და თან გულწრფელ სიცილს ვერ იკავებდა. დედოფალი ისე გულიანადაც კი აკისკისდა, რომ ქვეშევრდომები და მოსამსახურეები უხერხულში ჩავარდნენ. მალე წერილი ხელიდან ხელში გადავიდა, რამაც საერთო სიცილ-ხარხარი და მხიარულება გამოიწვია.
თევზით მოვაჭრე გონიერ, თუმცა-კი ენაგრძელ ქალს – ლამურეტს, პარიზის ბაზარში ყველა იცნობდა. მას ყველა ხმაურიან და სკანდალური რეპუტაციის მქონე ქალბატონად ასახელებდა. ქვრივი ლამურეტი ოთხ შვილს ზრდიდა და მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს თევზით ვაჭრობა წარმოადგენდა.
1608 წლის გაზაფხულზე ლამურეტისათვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მეფე, ანუ მარია მედიჩის მეუღლე – ანრი IV – დიდი მექალთანეობით გამოირჩეოდა. ავი ენები ფრანგი მონარქის მრავალრიცხოვანი საყვარლების სახელებსაც კი ავრცელებდნენ. ანრის, თავისი სასიყვარულო თავგადასავლების გამო, როგორც ერთ-ერთი კეთილსინდისიერი კათოლიკე, ერთობ ხმამაღლა აკრიტიკებდა ლამურეტი. იგი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ენისათვის კბილი დაეჭირა, თუმცა ამაოდ. ლამურეტის ენა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. თევზით მოვაჭრე ქალი მაინც არ ჩერდებოდა და საშინლად ლანძღავდა მეფეს. ურჩი ჭორიკანა ქალბატონი ამჯერად დააჯარიმეს. ბოლოს კი, ბაზრიდან სულაც გააძევეს. ეს ამბავი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მარია მედიჩიმ კიდევ ერთი ვაჟიშვილი შვა. ერთთვიანი იძულებითი უმუშევრობის შემდეგ ლამურეტმა იფიქრა და ერთობ ორიგინალური გზა მოიფიქრა თავისი გასაჭირის დედოფლის ყურამდე მისატანად…
მარია მედიჩისათვის განკუთვნილ ვარდების თაიგულში ჩადებულ წერილში ეწერა:
„თქვენო უდიდებულესობავ – დედოფალო! გაცნობებთ, რომ მე თევზით ვვაჭრობ პარიზის ბაზარში, და რომ, ჩემი ოჯახი ამ დალოცვილ ადგილზე ვაჭრობს ლუი IX წმინდას მმართველობის პერიოდიდან (XIII საუკუნე). ჩვენი ხელობა ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. ვაღიარებ, რომ მაქვს ერთობ მწარე ენა, თუმცა ყოველთვის ვლაპარაკობ სიმართლეს და არ ვლაპარაკობ ტყუილს.
დიახ, იმ დღეს მე ვთქვი, რომ ჩვენს ხელმწიფეს სულის სიღრმე კარგი და კეთილი აქვს-თქო, თუმცა ისიც ვთქვი, ეს ადამიანი ძალიან დასდევს კაბებს-მეთქი. ეს კაბები კი, თქვენო უდიდებულესობავ – დედოფალო, გავკადნიერდები და გეტყვით, რომ თქვენ ნამდვილად არ გეკუთვნით! გყავდეს ისეთი შესანიშნავი მეუღლე, როგორიც თქვენა ხართ, თქვენ, რომელმაც ასე მრავლად დაასაჩუქრა მეფე მემკვიდრეებით, და ამ დროს მას უღალატო, ნამდვილად დიდი ცოდვაა ჩემის ღრმა რწმენით.
მე არა ვარ ბოროტი ადამიანი, თუმცა ჩემთან რომ ბაზარში მეფის რომელიმე საყვარელი ქალი გამოჩენილიყო, თქვენს გამო მე მას თვალებში უთუოდ შევაყრიდი ყველაზე მწარე დაფქვულ წიწაკას.
აგერ უკვე ერთი თვეა უმუშევარი ვარ და თქვენ, ერთადერთს შეგიძლიათ ჩემი დახმარება. ვალში არც მე არ დაგრჩებით, ჩემო დედოფალო!
თქვენი ერთგული ქვეშევრდომი და მსახური: ლამურეტი”.
მარია მედიჩი დიდხანს იცინოდა ამ უბრალო ხელით დაწერილი, თუმცა-კი ქალური სოლიდარობით გაჟღენთილი წერილის გამო. და როდესაც მან სიცილით გული იჯერა, გასცა ბრძანება, რომ ლამურეტისათვის დაებრუნებინათ პარიზის ბაზარში განთავსებული თავისი ოდინდელი დახლი და მიეცათ მისთვის თევზით ვაჭრობის ნორმალური შესაძლებლობა. – (ავტორი გენია.ჯი)