კარტოფილის შესახებ…
„კაცობრიობის მეორე პურად” წოდებული ბოსტნეული კულტურა – კარტოფილი, დოკუმენტურად პირველად აღწერილი იქნა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მოღვაწე ცნობილი ესპანელი სასულიერო პირის, ისტორიკოსისა და გეოგრაფის – პედრო სიესა დე ლეონის მიერ – XVI საუკუნეში. კარტოფილის სამშობლოდ ლათინურ ამერიკას, კერძოდ კი ბოლივიასა და პერუს შორის არსებულ ტიტიკაკას ტბის მიდამოებს ასახელებენ მკვლევარები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ კულტურას აბორიგენი მოსახლეობა გარდა საკვებისა, რელიგიური რიტუალების აღსრულების დროსაც გამოიყენებდა ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ. თუ ვინ შეიტანა პირველად ევროპაში კარტოფილი, ზუსტად დადგენილი არ არის. თუმცა-კი, რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული. ერთი ვერსიის თანახმად, ევროპის კონტინენტზე კარტოფილის გავრცელება სახელგანთქმული ინგლისელი მეზღვაურისა და მეკობრის – ფრენსის დრეიკის სახელთან არის დაკავშირებული. სხვა ვერსია ირწმუნება, რომ პირველი კარტოფილით სავსე კალათი ევროპაში იტალიელმა სასულიერო პირმა – იერონიმე კარდანომ შემოიტანა 1580 წელსო.
თავდაპირველად, საფრანგეთში კარტოფილი დეკორატიული ყვავილის სტატუსით აღჭურვეს და მისგან ამზადებდნენ არა პიურეს, როგორც წესი, არამედ – ყვავილების თაიგულს. საფრანგეთში გამეფებული დიდი შიმშილობის პერიოდში, ქვეყნის ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ საკვებ პროდუქტს აღმოაჩენდნენ. და აი, პირველი ფრანგი სწავლული, რომელმაც კარტოფილის ბოსტნეულის კულტურის დადებითი თვისებები აღმოაჩინა, XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე დიდი ფრანგი აგრონომი და ფარმაცევტი – ანტუან ოგიუსტ პარმანტიე გახლდათ. კარტოფილზე ჩატარებული წარმატებული კვლევებისათვის იგი დაჯილდოვებულიც იქნა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ.
პარმანტიეს კვლევებმა ხელისუფლებას საშუალება მისცა მოსახლეობისთვის კარტოფილის საყოველთაო დათესვის რეკომენდაციით მიემართა. თუმცა საყურადღებოა, რომ ხალხი არც თუ ისე დიდი ენთუზიზმით შეუდგა მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულებას. ასეთივე და კიდევ უფრო მკაცრი რეკომენდაციები გასცა სხვა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმაც. მაგალითად, პრუსიის მეფე ცხვირისა და ყურების მოკვეთით დაემუქრა ყველას, ვინც მის მიერ კარტოფილის შესახებ გავრცელებულ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებდა და არ დათესდა მას. ინგლისის მთავრობამ კი პირიქით, მიწათმფლობელებს კარტოფილის დათესვისა და მოყვანისათვის ჯილდოდ ოქროს მედლები აღუთქვა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპელებში კარტოფილს საკვები დანიშნულება XVIII საუკუნემდე ჯერ კიდევ არ გააჩნდა.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ კარტოფილი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უფრო გვიან გამოჩნდა, ვიდრე ევროპაში. 1621 წელს ბერმუდის კუნძულების გუბერნატორმა – ნანტინელ ბატლერმა პირველად გაგზავნა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე აღნიშნული კულტურა საჩუქრად კოლეგასთან, ვირჯინიის გუბერნატორთან – ფრენსის ვაიატისთან.
დღეისათვის კარტოფილის წარმოების ლიდერ ქვეყნად არა რომელიმე ლათინოამერიკური ქვეყანა, არამედ ბელორუსია მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)