ელისაბედ I – „ეპიზოდი”
„ქალწულ დედოფლად” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდად ქცეული დედოფალი – ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები), თვალშეუდგამი სილამაზით არასოდეს გამოირჩეოდა. ის კი არა და, მას თავის დროზე მოუხდა ყვავილის მწვავე ვირუსული დაავადების გადატანა, რამაც გამოჯანმრთელების შემდგომ უამრავი ნაყვავილარი ნაწიბური დაუტოვა დედოფალს სახესა და თავზე. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მისი ისედაც არასახარბიელო გარეგნობა, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა. ამ გარეგნულ ნაკლს მოდის მოტრფიალე ელისაბედი თეთრი ფერის პუდრის მასიური გრიმით მალავდა. ასაკის მატებასთან ერთად დედოფლის სახეზე პუდრის რაოდენობაც იმატებდა. ადრეულ წლებში იგი თავისი სილამაზით თუ ვერ იქცევდა ყურადღებას, სამაგიეროდ უძვირფასესი კაბებითა და უმდიდრესი საიუველირო ნაკეთობებით ექცეოდა ყურადღების ცენტრში. დროთა განმავლობაში ელისაბედს თმაც გასცვივდა. თმის გარეშე დარჩენილი დედოფალი იძულებული გახდა წითური ფერის პარიკის გამოყენება დაეწყო. მას შემდეგ წითური ფერის პარიკი ამ ყოვლისშემძლე მბრძანებელი-ქალის მუდმივი თანამგზავრი გახდა.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიით, „სახელმწიფო საიდუმლო საბჭო”-მ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც მოითხოვდა ყველა იმ პორტრეტის განადგურებას, რომელზედაც შეუხედავი გარეგნობის მქონე „ქალწული დედოფლის” რეალური სახე იყო აღბეჭდილი. მხატვრებს კი მიეცათ მითითება, თავიანთ ტილოებზე მისი უდიდებულესობა ელისაბედი – სანდომიანი ყმაწვილი ქალის იერით გამოესახათ. ამიტომაც გამოიყურება 70 წლის ასაკში მყოფი დედოფალი თავისი პორტრეტების უდიდეს ნაწილზე ეგზომ ახალგაზრდად.
თეატრზე ფანატიკურად შეყვარებული ელისაბედი ტკბილეულის მოყვარული მონარქი გახლდათ. ამას თან ერთვოდა ევროპის მასშტაბით იმ პერიოდში გავრცელებული არაჰიგიენურობა. შედეგად, ასაკში შესული დედოფლის კბილების მდგომარეობა სავალალო მდგომარეობამდე მივიდა. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში კი, სულაც რამდენიმე კბილიღა ჰქონდა დარჩენილი მას. ჩვენს დროში ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოიყურებოდა ელისაბედი სინამდვილეში მასიური თეთრი გრიმისა და განუყრელი წითელი პარიკის გარეშე. ის კი ვიცით, რომ ამ ძლევამოსილმა დედოფალმა ანდერძად დატოვა, არავინ არ შეხებოდა გარდაცვალების შემდგომ მის ცხედარს შესამოწმებლად. – (ავტორი გენია.ჯი)
ეს არის ის ერთ-ერთი იშვიათი პორტრეტი ელისაბედისა, სადაც კარგად ჩანს მისი რეალური ასაკი