ჯოტო – „ეპიზოდი”
იუმორის გასაოცარი გრძნობით დაჯილდოებული შუა საუკუნეებში მოღვაწე გენიალური ფლორენციელი ფერმწერი და არქიტექტორი – ჯოტო დი ბონდონე (დაახლოებით 1267-1337 წლები), ხშირად გადიოდა სასეირნოდ ქალაქში თავის მოწაფეებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ, მორიგ ჯერზე სასეირნოდ გამოსული ჯოტო თანმხლებ მოწაფეებთან ერთად „სან-მარკოს” მონასტერსაც ეწვია. მონასტრის კედელზე აღბეჭდილმა ფრესკამ, რომელზედაც გამოსახული იყვნენ წმინდა მარიამი და მისი მეუღლე – წმინდა იოსები, ჯოტოს ერთ-ერთი ცნობისმოყვარე მოწაფის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. იგი დიდხანს გულისყურით აკვირდებოდა ფრესკას და როდესაც მასზე დაკვირვებას მორჩა, გაკვირვებულმა იკითხა:
„ – რატომ გამოსახავენ იოსებს ასე დამწუხრებულს ყოველთვის?
- ნუთუ არა აქვს ამის მიზეზი, როცა ხედავს, რომ მისი ცოლი ფეხმძიმედაა, ხოლო არ კი იცის, ვისგანო”. – უმალვე გაეპასუხა ჯოტო.
იმ პერიოდში ბონდონეს-და საბედნიეროდ, წმინდა ინკვიზიცია ჯერ კიდევ არ იყო „სათანადო ფორმაში” შესული, თორემ ასეთი მკრეხელური გამონათქვამისათვის იგი შესაძლებელი იყო – კოცონზე დაეწვათ სხვა მრავალთა მსგავსად. – (ავტორი გენია.ჯი)