პაულო კოელიო – „ეპიზოდი”
ერთ მშვენიერ საღამოს, 16 წლის ასაკში მყოფმა პაულო კოელიომ მშობლებს ოფიციალურად განუცხადა, რომ მის სანუკვარ მიზანს სამწერლო ასპარეზზე შედგომა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ყმაწვილმა მშობლებს ისიც აუწყა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი „ტრადიციული” გზის გავლა და არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა ამ გზით. (ავტორი გენია.ჯი) პაოლოს მშობლებს კი სურდათ, თავიანთი ვაჟი იურისტის პროფესიას დაუფლებოდა და ამ პროფესიის გაგრძელებასაც უწინასწარმეტყველებდნენ მას. ვაჟიშვილის მოულოდნელმა განცხადებამ მშობლებსა და შვილს შორის კამათი წარმოშვა. კამათი მალე გადაიზარდა კონფლიქტში. კონფლიქტი კი გახმაურებულ სკანდალში. იმისათვის რომ, ყმაწვილს ხელი აეღო თავის განზრახვაზე, მშობლებმა მართლაც რომ საკვირველი გადაწყვეტილება მიიღეს: 16 წლის პაოლო კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და იქ გამოკეტეს. იგი მთელი კატეგორიულობით არწმუნებდა ექიმებს, რომ შეშლილი არ იყო. თუმცა, უშედეგოდ. მან ორ უსასტიკეს კურსს გაუძლო „მკურნალობისა” (მათ შორის „ელექტროშოკითაც”) ისე რომ, თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თუმცა მესამე კურსმა (უფრო სწორად კი – „წამებამ”) იგი მაინც გატეხა… აღნიშნული დაწესებულებიდან ყმაწვილმა პაციენტმა სამჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ სამივე შემთხვევა მისთვის სავალალოდ დასრულდა. საბოლოო ჯამში, ოთხწლიანი იძულებითი „მკურნალობისა” და „ტყვეობის” შემდეგ, 20 წლის პაოლო ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოუშვეს. მისი გამოშვების უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ პაოლომ უარი თქვა მწერლის პროფესიაზე და პირობა დადო მშობლების წინაშე, – შეისწავლიდა სამართალს.
1974 წელს კოელიო პოლიციამ დააკავა. დაკავების მიზეზად ასახელებენ ხელისუფლების აღშფოთებას პაოლოს რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოებით. მათში მწერალს მკაცრად ჰქონდა გაკრიტიკებული საზოგადოებასა და ხელისუფლებაში გამეფებული მანკიერებები. შედეგად, პაოლო რამდენჯერმე დაექვემდებარა წამებას ხელისუფლების ჯალათების მხრიდან. და სწორედ აქ წარმოიშვა ბედის გასაოცარი ირონიაც: ადრე თუ იგი ფსიქიატრებს არწმუნებდა – არა ვარ შეშლილიო, ახლა პირიქით, პოლიციელებს უმტკიცებდა თავისი განცხადებებითა და არაადეკვატური ქმედებით, ნამდვილად – შეშლილი ვარო. ეს გზა კოელიომ ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გზად დაისახა მაშინ. აკი გადარჩა კიდეც… რამდენიმე ხანში პაოლო განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან, ოფიციალური ვერდიქტით – გიჟი. – (ავტორი გენია.ჯი)