მწევარი – „ეპიზოდი”
მონადირე ძაღლების ჯიშთა ჯგუფის ერთ-ერთი უსწრაფესი სახეობის – მწევარის სამშობლოდ მკვლევარები არაბეთის ნახევარკუნძულს ასახელებენ. (ავტორი გენია.ჯი) არაბეთის ნახევარკუნძულიდან იგი გავრცელებული იქნა უძველეს ეგვიპტეში, სადაც თანამედროვე ეპოქაში მრავლად იქნა სამარხებში აღმოჩენილი მწევრების დამუმიებული ნეშტები. ევროპის კონტინენტზე კი მწევარის პოპულარიზაციას ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შეუწყვეს ხელი.
მსხვერპლის დევნისას, ეს შესანიშნავი მონადირე ძაღლი 49-დან 61 კილომეტრ-საათამდე სისწრაფეს ანვითარებს. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს საშუალოდ – 30 კილომეტრი სისწრაფის განვითარება ძალუძს საათში. ამ მხრივ მწევარი, თუნდაც ის გრეიჰაუნდი იყოს, დედამიწაზე არსებულ ყველაზე სწრაფ ცხოველს – გეპარდს ნამდვილად ვერ შეედრება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, გეპარდს საათში 120 კილომეტრი სისწრაფით შეუძლია მსხვერპლზე დევნის განხორციელება, თუმცა ამ გამაოგნებელ სისწრაფეს იგი მხოლოდ მოკლე დისტანციაზე ინარჩუნებს. აი, მწევრებს კი, მათგან განსხავებით, მაქსიმალური სისწრაფის შენარჩუნება გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ, რაც იმას მოწმობს, რომ შორ დისტანციაზე შესაძლო შეჯიბრის შემთხვევაში, დიდი გამძლეობით გამორჩეულ მწევარს თვით გეპარდის დამარცხებაც კი ძალუძს. – (ავტორი გენია.ჯი)