ხუტა ბერულავა – „ახმეტელი პატარძალი”
ახმეტელი გოგო ვიყავ, ახ ნეტავი მეო:
ეს რა დილა გამითენდა, რა ნეტარი დღეო!
შემიყვარდა ერთი ბიჭი – ამირანის ძეო.
ისე ძლიერ შემიყვარდა, ლამის გავგიჟდეო.
საპატარძლოდ მომამზადეს და მიამა მეო.
გულში ტკბილმა ჟრუანტელმა დამიარა მეო.
ნეფიონი რო მოვიდა, თვალი დავხუჭეო,
საქმროსთან რომ მიმიყვანეს, თავი ჩავღუნეო.
დაფა-ზურნა რო დაუკრეს მკლავი გავშალეო.
სიძე-ბიჭმა მიჩურჩულა: შენ გენაცვალეო!
თეთრი ცხენი რო მომგვარეს, მაშინ შევკრთი მეო,
მაინც დავჯექ პატარძლულად და ბიჭს შევტირეო:
- სად მიგყავარ, რომელ მხარეს, შენი კვნესა მეო?
ვაჰ თუ ცხენმა დამაჯახოს სადმე კლდესა მეო?
ბიჭმა მშვიდად გაიღიმა: – გოგოვ, გავიგეო.
ალავერდის ტაძრისაკენ გეზი აიღეო.
ცხენი ისე მოსწყდა ადგილს, ლამის ავტირდეო:
- საყვარელო, ჩემი ცოდვა რატომ დაიდეო.
მაგრამ ბედმა არ მიმუხთლა, ცხენი ავლაგმეო.
ალავერდში მღვდელს უბრძანეს: – კარი გააღეო.
მერე სიძემ დაუძახა: – ჯვარი დაგვწერეო.
და გვირგვინი დედოფლისა თავს დამადგეს მეო.
შემკრთალი და დაბნეული ცხენზე დამსვეს მეო.
გავწიე და წინ წავედი, ლამის გავფრინდეო,
მაყრიონი დამეწია და გავიხარეო,
მყის გულიდან სევდა-ნისლი გადავიყარეო,
დარბაზის კარს რო მივადექ, ავცახცახდი მეო.
სიხარულით მომეხვია კართან ხალხი მეო.
მოირბინა დედამთლიმაც, პირზე ვაკოცეო,
წინ ტაბლა რო მომაგებეს, ტკბილად დავლოცეო.
მოვეწონე და შემოქმედს მადლი შევწირეო.
- რა ტკბილი და ღვთისმოსავი დედა შემძინეო,
მამამთილსაც მოკრძალებით მხარზე ვემთხვიეო,
მული რაა, როცა მაზლსაც გადავეხვიეო.
ლხინი ცხრა დღეს რო გაგრძელდა, ეს მიამა მეო,
მეათე დღეს დავტრიალდი, ოჯახს მივხედეო,
მეზობლებმაც არ დამიგდეს სიმხნე-სიკეთეო.
ცხრა თვე როცა მიიწურა, აღმობრწყინდა მზეო, -
ვაჟიშვილი დაიბადა, მტერთა ჯინაზეო.
თვალადობით, ტანადობით მამას ვამგვანეო.
დასტურ ლომის ბოკვერია, მას ვეთაყვანეო.
დედამთილმა შემიყვარა შვილზე მეტადრეო:
- დაილოცოს ის დღე, როცა გამომეცხადეო!
მამამთილი მამად მიჩანს ამ ქვეყანაზეო,
მეზობლებზეც ისე ვფიქრობ, როგორც და-ძმაზეო.
ახმეტელი გოგო ვიყავ, ახ ნეტავი მეო, -
ოცი წლისას გამითენდა სანეტარო დღეო.
მაგრამ ერთმა ენამწარემ დამიბინდა მზეო,
სოფელი რო ახარხარა, ვნაღვლობ იმაზეო,
არც გარჯა დამიფასა, არცა სინაზეო,
ავყია და ჭორიკანა დადგა ყირაზეო,
ენის წვერზე რაც მოადგა, მომაწერა მეო,
ერთი უღვთო ხუმრობისთვის დამაბერა მეო…
ბედო, ჩემზე არ აცინო ის ცრუ მოლექსეო,
სასიკვდილოდ არ გასწირო, ოთხად მოკეცეო,
დაამუნჯე, დააყრუე, ისე დააგდეო,
ვერ დგებოდეს, ვერც წვებოდეს განთიადამდეო…
ახმეტელი პატარძლები ქვეყნად ამრავლეო,
ნურასოდეს გამეგონოს მათი ძვირი მეო,
ახმეტასაც მიესალმე, მისი ჭირიმეო.
წადი, ლექსო, ეს ამბავი მამულს მოჰფინეო,
შენი სიტყვა ფანდურის ხმას დაუძმობილეო…