ხუტა ბერულავა – „ჩემი თაობის გოგონებო, სანატრელებო…”

ზოგი ამაყად დაჰღუღუნებს ძველისძველ აკვანს,

ზოგი ჯერ კიდევ ელოდება ბედნიერ ვარსკვლავს.

ზოგიც… ვინ იცის, სად არის და სად გაიგონებს,

ამ ძახილსა და მდუღარებით ნათქვამ სტრიქონებს!

* * *

სადაც არ იყოთ, გახსოვართ თუ არ გაგონდებით,

გათხოვილნი ხართ დიდიხნის თუ ახლა თხოვდებით, -

სულ ერთი წამით გაიხსენეთ ბიჭი გამხდარი,

ყველა თქვენგანი რომ ეგონა მზეთუნახავი.

* * *

ჩემი თაობის გოგონებო, ამ მოგონებით

ცოცხლობს იგი და მისთვის დღესაც ხართ გოგონები.

თუ მის პწკარებში ნაპერწკლები ცეცხლის ღვივიან, -

თითოეული ნაპერწკალი თქვენი სხივია.

* * *

თქვენი სხივია და ნატეხი თქვენი მშვენების,

არც თვითონ უკვირს, სიზმარშიაც რომ ეჩვენებით.

მშობელ მიწაზე თუკი დადის თამამად, რიხით,

ის თქვენ გიმადლით ამისათვის და თავსაც გიხრით!

კომენტარის დატოვება