ბეტი ფორდი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 38-ე პრეზიდენტის – ჯერალდ ფორდის მეუღლე – ბეტი ფორდი (1918-2011 წლები), ძალიან მხიარული ბუნებით გამოირჩეული ქალბატონი გახლდათ. იგი ყოველთვის ბედნიერი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებდა საზოგადოებაში. ამიტომაც უწოდეს მას – „აშშ-ის ყველაზე მხიარული პირველი ლედი”. (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლის მოყვარული ბეტი ამ დიადი ქვეყნის „პირველი ლედის” სტატუსით 56 წლის ასაკში აღიჭურვა. ამ დროს იგი უკვე ოთხი ზრდასრული შვილის დედა გახლდათ.

გულახდილობით გამორჩეული ბეტი ღიად და საჯაროდ საუბრობდა ისეთ თემებზე, რომლებიც აშშ-ის პურიტანულ საზოგადოებაში არასასამოვნო განცდებს იწვევდა. თავდაპირველად მისი განსჯის საგნად აბორტის საკითხი იქცა. შემდგომ ამას დაემატა ოჯახში გამეფებული ძალადობის თემა. განქორწინების შესახებ კი გვამცნობდა, რომ ეს აქტი სულაც არ იყო ისეთი ცუდი შედეგების მომტანი, როგორადაც ხშირად წარმოედგინა ხოლმე ხალხს (ამის გამოცდილება მას ნამდვილად ჰქონდა: ჯერალდ ფორდი მისი რიგით მეორე მეუღლე იყო). ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ბეტი გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც მის მეუღლეს ეგოდენ მცირეოდენი ხნით მოუხდა საპრეზიდენტო სავარძლის დაკავებაო. ქმრის პრეზიდენტობის ხანაში ბეტის მედიკოსებმა მკერდის კიბო დაუსვეს დიაგნოზად. შედეგად მას ცალი მკერდი მოკვეთეს. საინტერესოა ის გარემოება, რომ ბეტიმ თავის ავადმყოფობაზე ნამდვილი თოქ-შოუ მოაწყო: იღებდა სურათებს, იძლეოდა ინტერვიუებს და მეუღლესთან ერთად საჯაროდ სტუმრობდა საავადმყოფოებს. ექსტრავაგანტული თვისებებითა და მიზანსწრაფულობით გამორჩეულმა ბეტი ფორდმა შესძლო და დროთა განმავლობაში სრულად დაამარცხა ეს ავადსახსენებელი და ურთულესი დაავადება. შედეგად მან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იცოცხლა და ამიერს 93 წლის ასაკში გამოეთხოვა.

მას შემდეგ, რაც ბეტი ფორდმა, მისმა მეუღლემ, შვილებმა და ფორდების მფლობელობაში არსებულმა შინაურმა ცხოველებმა „თეთრი სახლი” დატოვეს, ქალმა საჯაროდ აღიარა, რომ ალკოჰოლიკი იყო და მუდმივად იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. მათ შორის ნარკოტიკულსაც. გამოჯანმრთელების შემდეგ აშშ-ის ექს პირველმა ლედიმ თავისივე სახელობის ნარკოლოგიური კლინიკა გახსნა, რომელშიაც მრავალი ცნობილი პერსონა გადის მკურნალობის კურსს დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>