ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „გმირული სიმფონიის” შესახებ…
ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა გერმანელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წლები), მის მიერ 1803-1804 წლებში დაწერილი „მე-3 სიმფონია”, რომელიც დღეისათვის „გმირული სიმფონიის” სახელით არის ცნობილი, ბევრი ევროპელისათვის კუმირად ქცეულ ნაპოლეონ ბონაპარტს მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში დიდი ფრანგი მხედართმთავარი საფრანგეთის პირველი კონსულის სტატუსით იყო აღჭურვილი და ჯერ კიდევ არ ატარებდა იმპერატორის საპატიო ტიტულს. 1804 წელს ბონაპარტი საფრანგეთის იმპერატორად ეკურთხა, რამაც მონარქებისა და იმპერატორების მოძულე გენიალური გერმანელი კომპოზიტორი უკიდურესად ნეგატიურად განაწყო ნაპოლეონის მიმართ. ის კი არა და, თვითმხილველთა გადმოცემით, მას შემდეგ, რაც ბეთჰოვენისათვის აღნიშნული ფაქტი გამხდარა ცნობილი, აღშფოთებულს წარმოუთქვამს – „ესე იგი, ის სხვა არაფერია, თუ არა ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი! ახლა ისიც სხვა მბრძანებელთა მსგავსად დაარღვევს ადამიანის უფლებებს და მხოლოდ საკუთარ ამბიციებს გამოეკიდება. თავის თავს ყველაზე მაღლა დააყენებს და ნამდვილ ტირანად ჩამოყალიბდებაო!”
სწორედ ამის შემდგომ წაუშლია ბონაპარტის საქციელით განრისხებულ კომპოზიტორს „მე-3 სიმფონიის” პარტიტურის პირველი ფურცლიდან ნაპოლეონის სახელი, და ეს ისეთი გულმოდგინებითა და მონდომებით გაუკეთებია, რომ ნოტების რვეულს დღემდე ამჩნევია მისი კვალი (ქვემოთ განთავსებული სურათი).
P.S. როდესაც ბეთჰოვენს შეუტყვია ინფორმაცია ნაპოლეონის წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებისა, მას ერთმნიშვნელოვნად უთქვამს – „მე ზუსტად განვჭვრიტე მისი მომავალი კატასტროფაო”. – (ავტორი გენია.ჯი)