სულეიმან I კანუნის მოღვაწეობა ციფრებში…
ოსმალეთის იმპერიის ლეგენდად ქცეული რიგით მეათე სულთანი – სულეიმან I კანუნი (1494-1566 წლები), სამეფო ტახტზე 26 წლის ასაკში ავიდა და ქვეყანას მთელი 46 წლის განმავლობაში მართავდა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ხალხის მიერ „დიდებულად” წოდებულმა ოსმანების დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა მბრძანებელმა, 13 ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც დაფარა 48 000 კილომეტრი მანძილი. (ავტორი გენია.ჯი)
მისი კონტროლის ქვეშ მოქცეული იყო უზარმაზარი ტერიტორია. გადაჭიმული ეგვიპტიდან ვენამდე და ალჟირიდან ირანამდე. რუსეთს მხოლოდ იმიტომ არ დაესხა თავს, რომ მას შორეულ, მიყრუებულ პროვინციად განიხილავდა. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სულეიმანი განაგებდა, საერთო ჯამში – 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ამ უდიადესი სულთნის დაქვემდებარებაში 200 000-იანი კარგად შეჭურვილი და კარგად გაწვრთნილი არმია იმყოფებოდა. ოსმალეთის იმპერიის სიამაყედ ქცეული არმიის შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი 70% იხარჯებოდა. სამხედრო სამსახურისათვის დაწესებულ გასამრჯელოს გაგიკვირდებათ და, თვით სულეიმანიც კი იღებდა რეგულარულად. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სულთნის მიერ მოწყობილ ლაშქრობებს უზარმაზარი შემოსავლებიც მოჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტისათვის. ხაზინა უკიდურესად გამდიდრდა, გაცხოველდა ვაჭრობა, სტამბოლის ბაზარმა მსოფლიოში დაგდო სახელი…
იმ კანონთა ნაწილი, რომელიც სულეიმანმა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში მიიღო, XX საუკუნის დასაწყისამდე იმყოფებოდა ძალაში. (ავტორი გენია.ჯი)
სულეიმან პირველს სულ ოთხი ოფიციალური ცოლი ჰყავდა: ფიულანე-ხათუნი, გიულფემ-ხათუნი, მაჰიდევრან-სულთანი და ჰიურემ-ჰასეკი. ოთხივე მათგანი ქვეყნის ხაზინიდან ფინანსდებოდა. მათგან ყველაზე დიდი გასამრჯელო 2 000 აკჩე ყოველდღიურად, სულეიმანის რჩეულ ცოლს – ჰიურემ-სულთანს ეძლეოდა.
ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილ მბრძანებელს სულ 10 შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა ცოცხალი: მიჰრიმაჰ-სულთანი და სელიმი. სულეიმანმა თავისი ორი ვაჟი – შეჰზადე მუსტაფა და ბაიზაიდი პირადად დასაჯა სიკვდილით; ჯიგანჰირი თავისი ძმის – მუსტაფას დარდს გადაჰყვა. დანარჩენები კი ყრმობის ასაკში გამოეთხოვენ წუთისოფელს.
სულეიმან I კანუნი 72 წლის ასაკში აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)