ჯოვანი ბერნინი – „ეპიზოდი”
„მე გავიმარჯვე მარმარილოზე და ცვილივით პლასტიკური გავხადე იგიო”, – სიამაყით აცხადებდა ხოლმე ხანდაზმულ ასაკში შესული „მეორე მიქელანჯელოდ” წოდებული გენიალური იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი - ჯოვანი ლორენცო ბერნინი (1598-1680 წლები). საყურადღებოა ის გარემოება, რომ სკულპტურაში ბაროკოს ფუძემდებელმა ხელოვანმა, რომელიც თავისი უნიკალური ტალანტის გამო, ერთობ გაფეტიშებული ჰყავდა რომის პაპსა და ზოგადად, ვატიკანს, 8 წლის ასაკში აიღო პირველი ჰონორარი; სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში შექმნა პირველი ქანდაკება. 15 წლისამ კი შექმნა თავისი პირველი შედევრი-ქმნილება – „წმინდა ლავრენტის წამება”. კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ მოზარდი ხელოვანი მარმარილოზე აწარმოებდა მუშაობას, რაც ძალიან რთული და ფაქიზი სამუშაოა.
ბედისაგან განებივრებული მხატვარი გარდა ხელოვნებისა, ქალთა მიმართაც დიდი ტრფიალებით გამოირჩეოდა. მის ცხოვრებაში იყო ისეთი ეტაპიც, რომელმაც მას ნეტარებაც მოუტანა და ტანჯვაც: ჯოვანის როგორღაც ერთი ლამაზი ქმარშვილიანი ქალი – კონსტანცა ბუონარელი შეუყვარდა და დროთა განმავლობაში მასთან „ახლო” ურთიერთობაც გააბა. იგი იმდენად იყო შეყვარებული კონსტანცაზე, რომ ყოველგვარი სიფრთხილის გრძნობა დაკარგა. მისი სიყვარულით შეპყრობილმა მოქანდაკემ კონსტანცას უმშვენიერესი სახე მარმარილოშიც კი უკვდავყო. თუმცა ძალიან დიდი იყო მისი აღშფოთება, როდესაც შეიტყო, რომ ჯოვანის საყვარელ ქალს ბერნინის გარდა კიდევ ჰყავდა ერთი საყვარელი მამაკაცი. და ეს მამაკაცი გახლდათ, თავად მოქანდაკის უმცროსი ძმა – ლუიჯი ბერნინი. ქალის ღალატით განრისხებულმა ჯოვანიმ ჯერ იყო და თავისი ძმა სცემა დაუზოგავად, შემდგომ კი მის მსახურს უბრძანა, როგორმე შური ეძია მოღალატე ქალზე. დიდი ხელოვანის მსახურმა ჯოვანის ბრძანება „უნაკლოდ” შეასრულა: იგი მძინარე კონსტანცას დაესხა თავს და სამართებლით მთელი სახე დაუსერა (დაუმახინჯა). – (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანცა ბუონარელი