ჰაინრიხ ჰაინე – „უნდა დაგთმო”

დროა დაგთმო, რაც მე დიდხანს მაგიჟებდა,

და შეშლილის როლზე ჯვარი დავსვა.

კომედიას ვთამაშობდი აკი შენთან,

რომელიმე მატრაბაზის მსგავსად.

* * *

მორთულიყო კულისები დაბინდული,

მოხატული რომანტიკულ სტილით,

სხივს აფრქვევდა მოსასხამი რაინდული,

მქონდა განცდა ნატიფი და ტკბილი.

* * *

დღეს გონების თვალი ნათლად ამეხილა

და თავს ვაღწევ სისულელეს, მჯერა,

მაგრამ გული ისე საწყლად გატეხილა,

თითქოს დრამას ვთამაშობდე ჯერაც.

* * *

ჰოი, ღმერთო! ტკივილებით ღონემიხდილს

თურმე მართლა ხელსა მრევდა დარდი;

მე ვებრძოდი დაჭრილ მკერდში სიკვდილს

და განწირულ გლადიატორს ვგავდი.

კომენტარის დატოვება