ისაბელ I კასტილიელი – „ეპიზოდი”
„ყველაზე ბინძური დედოფალი”. – ასე მოიხსენიებენ დღემდე სხვადასხვა ავტორები არაგონის, სიცილიისა და ნეაპოლის მეფის – ფერდინანდ II არაგონელის მეუღლეს – ისაბელ I კასტილიელს (1451-1504 წლები). აქვე შევნიშოთ ცნობისათვის ისიც, რომ ამ ღრმადმორწმუნე კათოლიკე ქალის სულიერ მოძღვარს თავის დროზე წარმოადგენდა ინკვიზიციის ისეთი ჯალათი, როგორიც გახლდათ ესპანური ინკვიზიციის ფუძემდებელი – თომას ტორკვემადა. (ავტორი გენია.ჯი)
„მე ჩემს ცხოვრებაში სულ ორჯერ მივიღე აბაზანა: ნათლობის დღეს და ქორწილის წინ”. – ისაბელის მიერ წარმოთქმული სწორედ ეს ფრაზა იქცა იმ მრავალრიცხოვანი მითების სათავედ, რაც შემდგომში იქნა გავრცელებული მის შესახებ. ერთნი წერდნენ, რომ კასტილიისა და ლეონის დედოფალს მთელი 20 წლის განმავლობაში არ დაუბანიაო. მეორენი ირწმუნებოდნენ, ისაბელს თავისი შიდა პერანგი წლების მანძილზე არ გამოუცვლიაო. სხვანი ამტკიცებდნენ, ლუი მეთოთხმეტეს მსგავსად ყარდა დაუბანლობითო. თუმცა, მოდი კარგად გავერკვეთ სინამდვილეში რა როგორ იყო…
პირენეის ნახევარკუნძულზე მთელი 800 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსულმანური სარწმუნოების მატარებელ ხალხს – მავრებს შორის. იმ პერიოდში აბაზანა და შესაბამისად, აბაზანის მიღება მუსლიმთა კულტურის განუყოფელ ნაწილად იყო მიჩნეული. მას შემდეგ, რაც მავრებმა სასტიკი მარცხი განიცადეს და მასიურ დეპორტაციას დაექვემდებარენ ქვეყნიდან, ღრმად მორწმუნე კათოლიკე ქალი შეეცადა, ნებისმიერი მოგონება წაეშალა, რაც კი მათთან, ანუ მუსულმან ,ავრებთან იყო დაკავშირებული. მრავალიდან ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კასტილიელმა დედოფალმა მისცა დავიწყებას, სწორედ რომ აბაზანების მიღება იყო. მუსულმანური კულტურისათვის დამახასიათებელი აბაზანების მიღების უარყოფის გზით ისაბელამ ყველას დაანახა, თუ რაოდენ ღრმად მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ იგი.
მაშინ ჩნდება კითხვა, სად იბანდა დედოფალი?! ისაბელის საძინებელ ოთახში ყოველთვის იყო განთავსებული დიდი ზომის სპეციალური ვარცლი, რომლის საშუალებითაც საკმაოდ ხშირად სარგებლობდა იგი. ასე რომ, კასტილიელი დედოფალი სულაც არ ყოფილა დაუბანელი ნატურა. ის კი არა და, მისი მმართველობის ჟამს სამეფოში გაჩნდა ეგრეთ წოდებული – „კასტილიური საპონი”, რომელზედაც დიდი მოთხოვნილება იყო ევროპულ ქვეყნებში. – (ავტორი გენია.ჯი)