„დალესის დოქტრინა”
„დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები – ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას, შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად… ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”.
აი, ეს გახლავთ, ეგრეთ წოდებული - „დალესის დოქტრინა”, რომლის შექმნასაც მიაწერენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს – „CIA” რიგით მეხუთე დირექტორს, თავისი ქვეყნის პატრიოტს – ალენ უელშ დალესს (1893-1969 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თუ, რას ისახავდა მიზნად ზემოაღნიშნული დოკუმენტი, ყველასათვის ნათელია, თუმცა აქ მეტად საინტერესოა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: „დალესის დოქტრინის” ინგლისურ ენაზე დაწერილი ტექსტის ორიგინალი ბუნებაში არასოდეს არ არსებულა და იგი არც არასოდეს გამოქვეყნებულა სადმე. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ერთადერთი სახით ე.წ. „დალესის დოქტრინა” წარმოდგენილი იქნა მხატვრულ ლიტერტურაში. კერძოდ, საბჭოეთის მეხოტბე რუსმა მწერალმა, სოციალისტური შრომის გმირმა – ანატოლი ივანოვმა, გამოაქვეყნა რომანი, სახელწოდებით – „მარადიული ზარი”, რომელიც ძალიან მდიდარია ავტორის ფანტაზიებით. შესაბამისად, მასში მოყვანილი ფაქტების ისტორიულ დუკომენტად მიჩნევა სრული ინფანტილიზმია. ამიტომაც უწოდა „დალესის დოქტრინას” ერთ-ერთმა მავანმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა – „ივანოვის მონაჩმახი”.
პირველად „დალესის დოქტრინა” 1990-იან წლებში გამოჩნდა საბჭოთა ბეჭდურ მედიაში. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი გახლდათ ამონარიდები (ფრაგმენტები, ციტატები) ივანოვის ლიტერატურული ქმნილებიდან და შემდეგ ერთიანი სახით შეკრებილი, რასაც ეწოდა კიდეც შემდგომში – „დალესის დოქტრინა”.
ამიტომაც შეიტანა 2016 წლის ნოემბრის თვეში „ალენ დალესის დოქტრინის ტექსტი” აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ „ექსტრემისტული მასალების” ნუსხაში.
სინამდვილეში რომ ვთქვათ, ღრმად რელიგიური ალენ დალესი, თუკი ეწეოდა რაიმე სახის პროპაგანდასა და აგიტაციას, ეს ნამდვილად გახლდათ – ქრისტიანული რელიგიის პროპაგანდა და ქრისტიანული რელიგიის აგიტაცია მოსახლეობის ფართო მასებში. სხვა რომ არაფერი, წარმოუდგენელია ეგზომ მორწმუნე ადამიანისაგან მსგავსი სახის დოქტრინის შექმნა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანატოლი ივანოვი