Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„დროს თავისი ოცდაოთხი საათი აქვს წუთი წუთზე და წამი წამზე გამოთვლილი. შენი გულისათვის ვერც ვერაფერს დააკლებს და ვერც დაამატებს. გაყევი, ბატონო, თუ შნო გაქვს. არადა, წინამორბედისაგან თვლით კი არ ჩაუბარებიხარ, რომ მერმისს ასევე ანგარიშით გადაგაბაროს. რა ჰქნას, ფეხებში და უკან იყუროს, თუ წინ იხედოს და თვალი მომავალს უსწოროს?
და შენც თანამედროვეთაგან ნურავის დაემდურები, არავის შენზე გულში ცუდი არ სდებია. უარესს გეტყვი, არც კი იცოდა ქვეყნად შენი არსებობა და, მით უმეტეს, მერე არ ეცოდინება, როცა გადაგივლის და გაგაცამტვერებს.
ასე რომ, თუ შენი დროით ვერ ცხოვრობ – არ ცხოვრობ!
შენი დრო შენი დედაა.
შენ ამ დედის შვილი ხარ, მორჩა და გათავდა. შენი დროის, საზოგადოების ნაწილი ხარ და შენი ხელის ათი თითიდან რომელიმეს თუ არ უნდა შენი თითი იყოს, როცა შენ მუშტებს შეკრავ, გაფშეკილს ვერ დატოვებ. არ მოგეხმარება ერთია და, მეორეც – ხელს შეგიშლის.
ფეხი! ფეხი აუწყვე, თორემ ისე გადაგივლის და მოგასარგალებს, მშიერი ძაღლი ვერ აგტლიკავს. შენ კი არა, სადღაც კუდში რომ მიჩანჩალებ – მეფეები, ძველად რომ უდგა თავის დროსა და ეპოქას, ვინც ვერ გაუგო და წაიფორხილა, ისე გაანაცარტუტა, მათი სახსენებელი აღარაა და შენ ვინა ხარ, ვის დაეკარგები და ვინ გაიცხელებს შენთვის შუბლს!”