თემურლენგი – „ეპიზოდი”
„კოჭლმა თემურმა”, ამ გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის ხეიბარმა ვაჟმა, თავისი დაუძინებელი მტერი, „ელვისებურად” წოდებული ოსმალეთის ცალთვალა სულთანი – ბაიაზიდ I, 1402 წელს ჩაიგდო ტყვედ ხელში. (ავტორი გენია.ჯი) დამარცხებულ სულთანს ეს უსასტიკესი კაცი უცინიკურესად უსწორდებოდა: მისი უშუალო ბრძანებით, ოსმალეთის ტყვედქმნილი სულთანი რკინის გალიაში დაამწყვდიეს. ეს გალია კი, მბრძანებელს ყველგან თან დაჰქონდა, სადაც კი წავიდოდა. ერთ დღესაც, კოჭლმა თემურმა თავის „ძვირფას” ტყვეს სახეზე დააცქერდა და საშინელი სიცილი აუტყდა. სწორედ მაშინ გაუწყდა მოთმინების ფიალა უკიდურესად დამცირებულ და შეურაცხყოფილ, მიწასთან გასწორებულ ცალთვალა ბაიაზიდს. იგი არ დაერიდა სიკვდილის საფრთხეს და ფეხით დახეიბრებულ თემურლენგს შემდეგი სიტყვით მიმართა:
„ – ნუ დამცინი, თემურ, ნუ დასცინი ჩემს უბედურებას, იცოდე, რომ სამეფოებსა და იმპერიებს ანაწილებს ღმერთი და ხვალ შენც შეიძლება ისეთივე ბედში ჩავარდე, რა ბედშიაც მე დღეს ვიმყოფები”.
ბაიაზიდის სიტყვამ თემურლენგი მცირეოდენი ხნით ჩააფიქრა, ფიქრიდან გამორკვეულმა კი თავის გაუბედურებულ ტყვედქმნილს მეტად ღრმააზროვანი პასუხი დაუბრუნა:
„ – მე შენზე უკეთ ვიცი, ბაიაზიდ, რომ სამეფოებსა და იმპერიებს ღმერთი ანაწილებს. მე არ დავცინი შენს უბედურებას, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ როცა მე შენს სახეს ვაკვირდები, თავში მომდის აზრი, რომ ეს სამეფოები და იმპერიები, ალბათ ღვთისათვის და იქნებ თავისთავადაც არაფერსაც არ წარმოადგენენ, თორემ რატომ აძლევს ღმერთი მათ ასეთ უშნო აგებულების მქონე ადამიანებს, როგორიც მე და შენა ვართ: შენ – ცალთვალა, უბედურ ბრმას და მე – საწყალ ხეიბარს?!” – (ავტორი გენია.ჯი)
ბაიაზიდ I