იეთიმ გურჯი – „ნაბადი”
ღმერთმა ჩემზე მოიცალა,
მცირე რამც არ მაპატია,
ყველას მისცა სიხარული,
მე კი შავი ნაბადია;
ჩემთვის კვირა არ თენდება,
ყოველი დღე შაბათია,
უპატრონოდ ვხეტიალობ,
ჩემი მოძმე ნაბადია.
ცოცხალი ვარ, ეკალს მესვრი,
მკვდარს ვარდს ნუღარ დამადვია,
ზედ კუბოზედ დამაფარეთ
ჩემი შავი ნაბადია.
ბედმა ქვეყნად ვერ მიპოვა,
მის ზღვაში ვერ ჩამატია,
ზამთარ-ზაფხულ მე მინახავს
ჩემი შავი ნაბადია.