წვიმის შავი ბაყაყი
ბაყაყისებრთა ოჯახის ეს არაჩვეულებრივი წარმომადგენელი, რომელიც – „წვიმის შავი ბაყაყის” სახელით არის ცნობილი, მეორე სახელსაც ატარებს – „მოწყენილი შავი ბაყაყი”. (ავტორი გენია.ჯი) თუ რატომ უწოდეს მას მეორე სახელად – „მოწყენილი შავი ბაყაყი”, მისი მოწყენილი სახის გამომეტყველებაზე კარგად ჩანს. მას ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ყველაფრით უკმაყოფილოა და საშინლად მოწყენილი ყოველივე ამის გამო. მისი გავრცელების ერთადერთი არეალი აფრიკის „შავი” კონტინენტის სამხრეთი რეგიონებია. სხვაგან მას დედამიწის ვერცერთ ნაწილში ვერ შეხვდებით ბუნებრივ პირობებში.
წვიმის შავი ბაყაყები ფინბოსებსა (მთის ბუჩქების ტყეები) და ტყის მასივების განაპირა ზოლში ანიჭებენ ცხოვრებას უპირატესობას. ისინი ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზეც კი გვხვდებიან მთებში და არ საჭიროებენ წყლის სივრცეში ცხოვრებას.
თავად ბაყაყი პატარა მოცულობისაა. მისი სიგრძე სულ რაღაც 4-5 სანტიმეტრია, თუმცა საცხოვრებლად თხრიან 15-დან 30 სანტიმეტრამდე სიგრძის გვირაბებს. მამრი ბაყაყები მდედრებს „უმღერიან” და ამით მათ თავიანთ საცხოვრებელში იწვევენ. ბუდეში მდედრი 42-43 ქვირითს დებს, რომელთაც შემდგომ მამრები იცავენ.
საბედნიეროდ, ამ უნიკალური გარეგნობის მქონე ამფიბიას გადაშენების საფრთხე არ ემუქრება, რადგან მათი განსახლების ადგილების უდიდესი ნაწილი დაცული ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი. – (ავტორი გენია.ჯი)