ოტია იოსელიანი წერდა…
„ყველა სადგურში იყრის თავს, სადაც ფეხად დაუტევარია: ქურდი და პატიოსანი, მთვრალი და ფხიზელი, მაყარი და ჭირისუფალი, მდიდარი და მათხოვარი, მაწანწალა, კახპა, საშოვარზე გამოსული, მოძალადე, ცბიერი, უბირი, გადამყიდველი, თაღლითი, თითლიბაზი და ყველა ერთმანეთშია არეულ-ალუფხული. ერთმანეთის ეჭვით, შიშით, უნდობლობით, ზიზღითა და სიძულვილით, სიმყრალით, ბიწით, სნეულებითა და სიავით შეძრწუნებული, თავიანთ ჯიბეზე, ფუთაზე, ჩანთაზე, გულზე, ნამუსზე ხელებჩაფრენილი და თვალღია მოდარაჯე. თვით წესრიგის დამცველიც უწესო და უხეში, მლოცველიც მაწყევარი და ღვთის მსახურიც უღმერთო. თვით დედ-მამიან-შვილიანიც მარტოსული. საქმის ერთგული და შრომისმოყვარე – უსაქმური. არაფრის გაგება და გაგონება. ყველა ერთნაირი და ერთ ტაფაში. წმიდა, კეთილი და გამკითხავი თუ მავნე და განუკითხავი. ერთი მეორის ჭირის თვალარიდებული და მხმობელისათვის ყრუ. თვალატირებულის არდამნახავი და მოსამართლე, მორჭმულიც არგანმსჯელი და არმსჯავრმდებელი, უზენაესი ჭეშმარიტებაც ჩალის ფასი და – ჩალაც.
ყაყანი, ვიშვიში, რუზრუზი, ქაქანი, ყვირილი, წივილი, კივილი და არავინ გამგონე, არვინ ყურისმგდები. ფუსფუსი, სირბილი, მიმსვლელი და მომსვლელი; ჩვილი, პატარა კაცი, ქალი, ბებერი, ახალგაზრდა, ჯეელი, ხეიბარი, კოჭლი, ბრუციანი და თვალხილული; მძინარე, მხვრინავი, ძილგატეხილი, გულგატეხილი, ფეხნაღრძობი, ჭკუანაღრძობი, უხელო, უფეხო, კისერმოტეხილი, სახელგატეხილი, გამქცევი, ფეხის დამდები, წამრთმევი, წამგლეჯი და არსად ხელის მომშველებელი, წამომყენებელი, იმედის მომცემი…” – (ავტორი გენია.ჯი)