იოსებ გრიშაშვილი – „სანთლის ტირილი”
და მე ვწერდი: როს ბულბული ბულბულობდა ბაღში წყნარად,
ვით დატუქსა თეთრმა ვარდმა, აჯა ვით არ შეუწყნარა;
და მე ვწერდი: შემდგომ იგი ვით ემსხვერპლა ტრფობის იჭვებს,
ვით გადადნა თავის ხმებში და აეცვა ვარდის ხიჭვებს;
და ვამბობდი: წითელ ვარდმა, შენ რომ აგრე შეგიყვარა,
არ მოსტყვდე – ის თეთრია, მხოლოდ სისხლით შეისვარა.
* * *
…და ჯერ არც კი დამეთავა მე ეს ლექსი ეხლანდელი,
რომ მეწვია დღის ფარვანა, ინახულა ეს სანთელი,
დაეხვია ელამ შუქსა საყვარელი, საცოდავი,
და დაჰკოცნა მოწიწებით, და შეაკლა სანთელს თავი.
და დაიწვა დღის ფარვანა, დღის ფარვანა ოქროსფრთება,
და… მას შემდეგ ეს სანთელიც მუდამ ცრემლად იღვენთება.