ნენები – „ეპიზოდი”
ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაპირებიდან ტაიმირის ნახევარკუნძულამდე ტერიტორიებზე (რუსეთის ფედერაციის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი) დასახლებულია სამოედური ხალხი – ნენები, რომელნიც თავიანთ თავს – „ნამდვილ ადამიანებად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ ცრუმორწმუნე ხალხში ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთობ გავრცელებული იყო – კანიბალიზმი. თუმცა კი, ეგრეთ წოდებული – „ნებაყოფლობითი კანიბალიზმი”.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ეთნოსის წარმომადგენელი მამაკაცი დაბერდებოდა, სიარულისა და შესაბამისად, ნადირობის უნარს დაკარგავდა, იგი უფლებას (ბრძანებასაც კი) იძლეოდა, შთამომავლობის საკეთილდღეოდ ჯერ მოეკლათ, შემდეგ კი მისი ხორცით „დანაყრებულიყვნენ”. ადამიანი, რომელსაც უკვე აღარ ძალუძდა რაიმე სარგებელი მოეტანა ოჯახისა და თანატომელებისთვის, თავის შთამომავლებს ავალებდა ადგილობრივი შამანის თანდასწრებით მოეკლათ იგი. ნენების ხალხში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, უმცროსი ასაკის მქონეს არა აქვს უფლება არ დაემორჩილოს მასზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანს. შედეგად, დავარდნილი წინაპრის საშინელ და სასტიკ დავალებას (ბრძანებას) ისინი შამანის თანდასწრებით რიტუალურად აღასრულებდნენ. ყოველივე ამის შემდგომ კი, მოკლულის თითოეული შთამომავალი და ნათესავი ვალდებული იყო, წინაპრის დანაწევრებული სხაეულიდან ერთი ნაჭერი ხორცი მაინც შეეჭამა.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ნენებში ამა თუ იმ ღვთაებისადმი მსხვერპლთშეწირვა ადამიანების ხარჯზე არასოდეს არ მიმდინარეობდა. აცტეკებისაგან განსხვავებით, ისინი თავიანთ ღვთაებებს სხვადასხვა სახეობის ცხოველებს სწირავდნენ. ასე მაგალითად, კეთილ ღვთაებებსა და სულებს – თეთრ ირმებს, ხოლო ბოროტ ღვთაებებსა და სულებს კი – ძაღლებს ან კიდევ მოკლული ირმის კუჭს.
სხვა საქმეა წყლის ღვთაებისადმი მიძღვნილი მსხვერპლთშეწირვის მეტად უცნაური ფორმა: ნენებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ გასაჭირში ჩავარდნილი იმ თანამოძმე მეთევზეების შველა, რომლებიც თევზაობის დროს უნებლიეთ წყალში აღმოჩნდნენ. თითოეულ წყალში დამხრჩვალ თანამოძმეს ნენების ხალხი ზღვის ღვთაებისადმი გაღებულ მსხვერპლად მიიჩნევდა საუკუნეების განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)