ნიკოლოზ ნეკრასოვის შესახებ…
რუსული ლიტერატურის კლასიკოსის – ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) პირადი ცხოვრება ისე წარმატებულად ვერ აეწყო, როგორც მისი ლიტერატურული შემოქმედება. (ავტორი გენია.ჯი) მთელი 16 წლის განმავლობაში გრძელდებოდა გენიალური რუსი პოეტისა და ქმარშვილიანი ქალის – ავდოთეა პანაევას სასიყვარულო რომანი. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ეს უმშვენიერესი ქალბატონი პეტერბურგის პირველ ლამაზმანად იყო აღიარებული წლების განმავლობაში. ავდოთეასთან განშორების შემდგომ ნიკოლოზმა რომანი გააბა ფრანგ ქალთან – სელინა ლეფრენთან. წყვილი 3 წლის განმავლობაში ურთიერთობდა ერთმანეთთან. ამ ხნის განმავლობაში ნეკრასოვმა და სელინამ მოასწრო ნიკოლოზის მიერ 38, 5 ათას ვერცხლის მანეთად იაროსლავში (კარაბიხაში) შეძენილ უზარმაზარ სახლში ეცხოვრა. თუმცა, 1867 წელს სელინამ სამშობლოს (პარიზს) მიაშურა და მას შემდეგ იგი უკან აღარასოდეს დაბრუნებულა.
1870 წელს ნიკოლოზმა ერთი უბრალო, თუმცა კი, უმშვენიერესი გლეხის გოგონა – ფეკლუშა ვიქტოროვა გაიცნო. მალევე მათ შორის მძაფრი სასიყვარულო რომანი გაჩაღდა. პოეტს საშინლად არ მოსწონდა თავისი ახალი საყვარელი ქალის სახელი, რის გამოც მას სახელად – „ზინაიდა” მისცა (ასეც მიმართვადა იგი ყოველთვის ფეკლუშკას).
48 წლის ნეკრასოვი ოფიციალური ქორწინების გარეშე ცხოვრობდა 23 წლის ასაკში მყოფ გოგონასთან, რის გამოც მან საზოგადოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. მორალური ნორმების დარღვევა, უზნეობა, უსინდისობა… აი რაშიც ედებოდა ბრალი რუს პოეტს. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ნიკოლოზის ოჯახმა და ნათესაობამ არ მიიღო პოეტის რჩეული ქალი თავის რიგებში. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი თავს მაინც უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევდა და ბედნიერი წყვილი კარაბუხაში განაგრძობდა მყუდრო თანაცხოვრებას.
1874 წლის დასასრულში პოეტი ნაწლავის კიბოთი დაავადდა. ნეკრასოვი ამ უსაშინლესმა დაავადებამ უკიდურესად მოტეხა წელში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გაუსაძლისი ტკივილები პოეტს უფრო და უფრო უძლიერდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ზინაიდა” გვერდიდან არ მოსცილებია საყვარელ მამაკაცს. იგი გამუდმებით ზრუნავდა მასზე. იმისათვის რომ, ნეკრასოვს თავისი რჩეული ქალი ეკონომიკურად უზრუნველეყო მისი გარდაცვალების შემდგომ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჯვარი დაიწერა მასზე და ოფიციალური ქორწინების აქტი გააფორმა.
1877 წლის 27 დეკემბერს ნეკრასოვი გარდაიცვალა. კარაბუხაში ჩასული „ზინაიდა” პოეტის ძმამ სახლში არ შეუშვა. რამდენიმე ხანში ქალმა მეუღლის საფლავის გვერდით თავისი უკანასკნელი განსასვენებლის ადგილი კი შეიძინა, თუმცა მას დაკრძალვა იქ მაინც არ ღირსებია. „ზინაიდა” სარატოვში გარდაიცვალა, სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი 20 წელიწადი იცხოვრა. მისი საფლავის ქვაზე კი შემდეგი სახის წარწერაა გაკეთებული: „ზინაიდა ნიკოლოზის ასული ნეკრასოვა. ერთგული მეუღლე და ერთგული მეგობარი დიდი რუსი პოეტის – ნიკოლოზ ნეკრასოვისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
ავდოთია პანაევა
ზინაიდა ნეკრასოვა