იოსებ გრიშაშვილი – „ეპიზოდი”
1960 წლის მაისის თვეში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მიწვევით საქართველოს „მამაქალაქს” დიდი ქართველი პოეტი - იოსებ გრიშაშვილი (1889-1965 წლები) ეწვია. საქალაქო-საიუბილეო საღამო ქუთათურებმა 17 მაისს გაუმართეს სახელოვან თანამემამულეს, რა დროსაც სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად, ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი – დავით გეწაძე. (ავტორი გენია.ჯი) მან პატარა მისალოცი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პოეტს მოუბოდიშებით საკუთარი, მართლაც რომ შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა (ცნობისათვის, აღნიშნული ლექსი 1996 წლამდე არსად არ გამოქვეყნებულა და დღემდე არც ქართულ ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნება).
* * * * * * *
„საქართველოს დაჭრილ მკერდზე
წინათ ბევრი ცრემლი ღვარე,
მაგრამ, როგორც შვილმა დედა -
სულზე მეტად შეიყვარე.
მისი ხალხი, მისი მიწა,
მისი მზე და ბადრი მთვარე,
ქართლის ზეიმს მოესწარი,
აღარა ხარ მგლოვიარე!
შენ არწივი გდარაჯობდა,
ცა გფარავდა საფირონი,
შენს აკვანთან „იავნანას”
ღუღუნებდა იადონი.
ზეცით შენზე გადმოსულა,
მადლი, ნიჭი და მირონი,
მტერსაც ხიბლავს შენი სიტყვა
და საქმენი საგმირონი.
თოვლის ფიფქი რას დაგაკლებს,
მზიანო და კარგო დარო,
სიცოცხლის და სიყვარულის
რაინდო და ამირბარო!
მინდა ელვას, მინდა ჭექას,
მინდა ქუხილს შეგადარო,
სიმღერებად დამსხვრეულო,
ლექსის ბექა ოპიზარო.
შენ არ არჩევ დიდს, პატარას,
საყმოცა ხარ, სამეფოცა,
შენმა დიდმა ჩირაღდანმა
გაგვათბო და შუქი გვტყორცნა.
ეგ ჭაღარა, ეგ თვალები,
ეგ მარჯვენა დაილოცა!
ყველას ჰკოცნი, რა იქნება
მეც მაჩუქო ერთი კოცნა”.
* * * * * * *
P.S. დავითის მიერ დაწერილმა და წარმოთქმულმა ლექსმა იმდენად აღაფრთოვანა იოსებ გრიშაშვილი, რომ მან ავტორი ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ ჩაკოცნა გულიანად. – (ავტორი გენია.ჯი)