დია ჩიანელი – „ეპიზოდი”
1960 წლის 27 მაისს ქალაქ ქუთაისში სახელოვანი ქართველი (ქუთაისელი) მწერლის – დავით ჩხეიძის, იგივე - დია ჩიანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საღამო გაიმართა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი) დავითის ხსოვნას, რომელიც 1937 წელს საბჭოეთში განხორციელებული საშინელი რეპრესიების მიმდინარეობის ჟამს იქნა დახვრეტილი ჯალათების მიერ, სხვათა მსგავსად, მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, პოეტმა – ბონდო კეშელავამაც მიაგო საკადრისი პატივი და მეგობრის ხსოვნას ერთი შესანიშნავი ლექსიც მიუძღვნა:
„მომენატრე, მოგაშურე, გნახე, გამეხარდა…
დიდხანს, დიდხანს ვიოცნებე მე შენს ახლო ბაღთან.
* * *
მომაგონდა სიყმაწვილე, ჩემი ყრმობის დღენი,
როს შენს ზეცას გავსცქეროდი ტრფობით, აღმაფრენით.
* * *
როს დავქროდი პოეზიის ალით გათანგული,
როცა მხოლოდ ლექსზე ფიქრით ძგერდა მართლა გული.
* * *
აქ არ იყო მაშინ ბაღი, ყვავილთ საბუდარი…
აქ ცხოვრობდა ერთი ჩემი ტკბილი მეგობარი.
* * *
მიზიდავდა მისი სახლის ფართო აივანი…
აივნის წინ მაგნოლია, მასთან საუბარი.
* * *
თვალწინ მიდგას ჭიშკრისაკენ მიმავალი დია,
ეს კუთხე მან შემაყვარა, ეს გზა შემაჩვია.
* * *
და, თუ ახლა მე აქ ვდგავარ ცრემლმორეულ თვალით,
ვერ დამძრახავს, ვისაცა აქვს, გრძნობის ნაპერწკალი.
* * *
არც ის სახლი, არც ის ეზო, არც კეთილი დია…
მხოლოდ ამ ბაღს შერჩენია მისი მაგნოლია…”