ნიკოლოზ (კოლაუ) ნადირაძე – „ეპიზოდი”
1937 წლის 22 ივლისს საქართველოს მწერალთა სახლში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ამ ავადსახსენებელ დღეს სანადირო თოფის გამოყენებით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და ესეისტმა – პაოლო იაშვილმა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სწორედ პაოლო იყო ის პირველი სახელოვანი ქართველი ლიტერატორი, რომელიც რეპრესიებს ემსხვერპლა. ჩვენდა საუბედუროდ, იწყებოდა დიდი და მასობრივი განადგურება ქართველი მამულიშვილებისა, ქართველი ინტელიგენტებისა…
საქართველოში გამეფებულმა საბჭოთა რეჟიმმა, რომელსაც სათავეში თავისი ულმობლობითა და სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია უდგა, გამოაცხადა, რომ ტრაგიკულად აღსრულებული პაოლოს დაკრძალვას არავინ დასწრებოდა ნათესავების გარდა. იმ საძაგელ პერიოდში ასეთი წესი იყო დამკვიდრებული, თუ ვინმე გარეშეთაგანი მივიდოდა მიცვალებულის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, მას უმალვე „მავნებლის” სტატუსს აჰკიდებდნენ და სჯიდნენ. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ პაოლოს ცხედარს უკანასკნელ გზაზე ძალიან ცოტა ხალხი მიაცილებდა. იმ მცირე ხალხთა შორის ერთ-ერთი მათგანი, სახელოვანი ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის” წევრი და აწგარდაცვლილი პოეტის უახლოესი მეგობარი – ნიკოლოზ, იგივე კოლაუ ნადირაძეც იმყოფებოდა. ბერიას მარჯვენა ხელს, დამქაშსა და მიზანთროპ – ბოგდან (ბაღჩო) ქობულოვს, რომელიც თვალს ადევნებდა სამგლოვიარო პროცესიას, ეს რაღა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამორჩენია. მან კოლაუს თავისთან უხმო და ჰკითხა: „ – აქ ყოფნის ნებართვა თუ გაქვსო”, – რაზეც პასუხად მიიღო: „ – გარდაცვლილი ჩემი მეგობარი იყო და მის დაკრძალვაზე რა ნებართვა მჭირდებაო”.
ქობულოვმა ყოველივე დაწვრილებით მოახსენა თავის ზემდგომს – ლავრენტი ბერიას. ეს სისასტიკით განთქმული ჯალათი ვარაუდობდა, რომ ნადირაძესაც იმ გზას გაუყენებდნენ, რა გზასაც უამრავი ადამიანი გაუყენეს მანამდე. მისდა გასაკვირად კი, ბერიამ თავის ერთგულ დამქაშს შემდეგი რამ უთხრა: „ – მოეშვით, იგი ერთადერთი ვაჟკაცი ყოფილა ქართველ მწერლებშიო”.
ასე გადაურჩა უცილობელ რეპრესიებს მეგობრისადმი თავდადებული კოლაუ ნადირაძე. კაცი, რომელმაც გულითადად დაიტირა პაოლო იაშვილი. კაცი, რომელმაც გაბედა და, მიუხედავად აკრძალვისა და თვით სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა, მაინც გააცილა უკანასკნელ გზაზე თავისი ტრაგიკულად აღსრულებული მეგობარი. – (ავტორი გენია.ჯი)
პაოლო იაშვილი