Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„წიგნიერების, ნაკითხობის საფუძველთ-საფუძველი ბავშვობაა. სწორედ ზრდისა და გათვითცნობიერების ადრეულ ხანაში ეყრება საფუძველი წიგნიერებას და რამდენად მყარი, მტკიცე და მკვიდრი იქნება ის საფუძველ-საძირკველი, მით უფრო საიმედოა და მისი ნათელი მერმისს მთელის ძალით გამოაბრწყინებს.
სურათები, მოვლენები, ზღაპრები, ლეგენდები, რასაც ბავშვი, ყრმა ეცნობა და ისრუტავს, წყება-წყება ლაგდებიან გონებასა და მეხსიერებაში და ისე მკაფიოდ აჩნდებიან მოზარდის სულს, რომ მთელ მის არსებას, როგორც გადანახერხ ხის მერქანს აჩნია წრეები, რითაც მის წლოვანებას ადგენენ.
ბავშვობაში, ყრმობაში, სიყმაწვილეში ნაპოვნი ყოველი ახალი სიტყვაც კი განძია, სულიერად მფეთქავია და სიცოცხლისუნარიანი. ერწყმის, უერთდება შენს სისხლსა და ხორცს, შენთან ერთად იზრდება, ივსება და სრულდება… მერე შენზეა დამოკიდებული, – ოქროს ზოდად გადააქცევ მას თუ რიყის ქვად, როცა გინდა მაშინ რომ მოისვრი…
თუ შესძელ და აქციე ზოდად, ბარაქალა შენ, მერე მიდექი და იხარჯე სიბერემდე, თუ ვეღარაფერს მიუმატებ, გამოიზოგე, სიცოცხლის ბოლო დღემდე გადაანაწილე…
თუ ბავშვობამ, ყრმობამ, სიყმაწვილემ უქმად ჩაიარა და რაც სკოლაში ჰაიჰარად გასწავლეს იმის ამარა დარჩი, თუ ოჯახმა, გარემომ, წრემ და საკუთარმა უზომო წადილმა, სიჯიუტემ წიგნს არ მიგაჯაჭვა, მთელი ცხოვრება გაწვალდები და გაჯახირდები… ოდესმე იქნებ ვისმეს ხელწამოკვრით თანამდებობაც მოიპოვო და მაშინ იგრძნობ, როგორ დაგიშავებია, რამხელა შეცდომა, იქნებ დანაშაულიც ჩაგიდენია საკუთარი თავის წინაშე და დაფაცურდები, წიგნს მოძებნი და ჩაუჯდები, ზედ თავსაც დაატეხ, ღამეებსაც გაათევ, მაგრამ შენს სულსა და გულს ბევრი აღარაფერი მოეცხება”.