მარკუს პორციუს კატონი (უფროსი) – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რომაელი პოლიტიკოსი - მარკუს პორციუს კატონი „უფროსი” (ძვ.წ.აღ-ით 234-149 წლები), რომელსაც ისტორიკოსებმა „იდეალური რომაელი” უწოდეს, არასოდეს ცდილობდა ყველასათვის მისაღები პიროვნება ყოფილიყო. ის კი არა და, მას თავისი მსოფლმხედველობის გამო, უამრავ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა გაფუჭებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფუფუნების (განსაკუთრებით – საჩვენებელი) უკიდურესად მოძულე რომაელი პოლიტიკოსის დამსახურებაა ის, რომ რომაელ მანდილოსნებს კანონის ძალით აეკრძალათ მრავალფეროვანი (მდიდრული) სამოსის ტარება. გარდა ამისა, მისივე სახელთან ასოცირდება ისიც, რომ რომაელ ქალბატონებს აეკრძალათ საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და ტაძრებში ნახევარ უნციაზე (14 გრამი) მეტი ოქროს სამკაულის ტარება. ამიტომაც საუბრობდნენ ავი ენები მის შესახებ ყოველგვარ სისაძაგლეს. ცნობილია ისიც, რომ კატონს საშინლად სძულდა ყველაფერი უცხოური და მათ შორის პირველ რიგში ბარძნული ფილოსოფია და ბერძენი ფილოსოფოსები. და მაინც, რომაელ პოლიტიკოსსა და მწერალს განსაკუთრებით კართაგენი და მისი წარმატებები აღაშფოთებდა, რომელსაც იგი რომის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა (ალბათ გახსოვთ მისი ცნობილი გამოსვლა რომის სენატში, რა დროსაც კატონმა წარმოთქვა ისტორიული სიტყვა – „კართაგენი უნდა დაინგრეს!”).
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ თავისი დაუცხრომელი ბუნებისა და პირდაპირობის გამო მარკუსის გასამართლება რომაულმა მართლმსაჯულებამ 44-ჯერ სცადა, თუმცა ორმოცდაოთხივე შემთხვევაში გაიმართლა მან თავი.
კატონი საშინლად სძულდა რომაულ არისტოკრატიას. სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა საშუალო კლასის რომაელებს, რომლებშიაც იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მარკუსი საკუთარი ხელით ამუშავებდა მიწას პოლიტიკისაგან თავისუფალ დროს და შეგნებულად ბაძავდა რომის რესპუბლიკის დიქტატორს – ლუციუს კვინტილიუს ცინცინატს, ვინაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.
ფილოსოფიისადმი საშინელი სიძულვილის მიუხედავად, მარკუსი ერთობ განათლებული კაცი იყო. მან 8 წიგნი დაწერა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა მიწათმოქმედების შესახებ დაწერილმა ტრაქტატმა მოიპოვა.
ასე იყო, თუ ისე, სწორედ რომ მისმა პრაქტიკულობამ და ზომიერებამ განაპირობა რომის ისტორიაში კატონის სახელის დამკვიდრება, როგორც „იდეალური რომაელისა”. – (ავტორი გენია.ჯი)